Accessibility links

logo-print

არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ წამების ფაქტების გამოძიება ერთ საზოგადოებრივ პროკურორს დაეკისროს


არასამთავრობო სექტორი მოითხოვს, რომ პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე პასუხისმგებლობა ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ პროკურორს დაეკისროს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ," "ციხის საერთაშორისო რეფორმამ," "ემპათიამ," წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა და "საზოგადოებრივმა დამცველმა" განაცხადეს, რომ კონსენსუსის შედეგად შეარჩევენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის პირს, რომელსაც გამოძიების მანდატი უნდა მიენიჭოს მთავარი პროკურატურის სისტემის ფარგლებში. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაიზიარონ იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, რადგან მათი თანამდებობაზე ყოფნისას ფორმალური და არაეფექტური გამოძიების პირობებში წახალისდა პატიმართა წამება. არასამთავრობო სექტორი ასევე მოითხოვს, რომ გამოძიებამ შეისწავლოს მაღალი თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხიც. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაა, რომ საზოგადოებრივ პროკურორთან შეიქმნას იურისტებით, ექიმებითა და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების გამოკითხვასა და მტკიცებულებების შეგროვებით იქნება დაკავებული და დაევალება გამოძიების პროცესის მონიტორინგი.
XS
SM
MD
LG