Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 24 სექტემბერი


დღეს ”კვირის ქრონიკაში” ქვეყნდება ინტერვიუ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძესთან. ”ეს არის ინტერვიუ, რომელსაც საზოგადოება ერთ წელზე მეტია ელის!!!” - აცხადებს გაზეთი. აბდალაძე იხსენებს დაკავების დეტალებს და მასზე ზეწოლის ფაქტებს. კერძოდ, ის ჰყვება, რომ ციხის თანამშრომელმა ოლეგ ფაცაციამ თანამესაკნეების გაუპატიურების მუქარით აიძულა შიმშილობა შეეწყვიტა. მოგვიანებით კი, ასევე ზეწოლის ფონზე, ჯაშუშობაც აღიარა. გიორგი აბდალაძე ჰყვება, რომ მასაც და მის კოლეგებსაც - ზურაბ ქურციკიძესა და ირაკლი გედენიძეს - გათავისუფლების შემდეგ კუდ-ში მობილური ტელეფონები მისცეს: ”ეს სულ თან უნდა ატარო და ამ ტელეფონით ჩვენ უნდა დაგვირეკო, თუ რამე მოხდაო. რა უნდა მოხდეს-მეთქი. აი, თუ ვინმე რუსეთიდან დაგირეკავსო. ვეუბნები, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ჯაშუში არც არასდროს ვყოფილვარ-მეთქი. რომ გეუბნებით, წაიღეო. არჩევნების პერიოდში შენ აუცილებლად დაგირეკავენ უცხოეთიდან და ამ ამბით დაინტერესდებიანო. უცხოელი ჟურნალისტები ყველა ჩვენი ქვეყნის მტრებია და როგორც კი რომელიმე დაგირეკავს, მაშინვე ჩვენ უნდა გაგვაგებინოო. მერე როგორც გავიგე, ქურციკიძესა და გედენიძესაც მისცეს ასეთი ტელეფონები. მე ამ ტელეფონს ახლა შენ გაძლევ, ეს ”ალია ჰოლდინგში” შეინახეთ და იცოდეთ, აქ კუდ-ის იმ თანამშრომლის ტელეფონი წერია, რომელთანაც მე უნდა დამერეკა”, - უთხრა ”კვირის ქრონიკას” გიორგი აბდალაძემ.

ამავე გაზეთში დღეს ლალი მოროშკინასთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ბოლო დღეებში ნანახზე ჰყვება. განსაკუთრებით გამოყოფს არასრულწლოვანთა მდგომარეობას: ”გაჰყავდათ სათითაოდ, შარვალს აცვამდნენ თავზე, ურტყამდნენ, ჩაჰყავდათ საშხაპეში და შლანგით სცემდნენ, სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ, მერე აუპატიურებდნენ”, - ლალი მოროშკინა ჰყვება, რომ მან, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და გელა კეტაშვილმა 1000-ზე მეტი ჩვენება მოიპოვეს პატიმრებისგან.

ვლადიმერ ბედუკაძე ”კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში ბაჩო ახალაიაზე ჰყვება: ”განსაკუთრებით სასტიკი გახდა 2006 წლის 27 მარტის ბუნტის შემდეგ, როცა იგრძნო, რომ მისი ყველა მოქმედება დაუსჯელი დარჩებოდა. ბუნტი ხომ თითიდან გამოწოვილი და პროვოცირებული იყო, ვინ დაუჯერა მაშინ პატიმრებს? არადა, იმ ბუნტს პატიმრები ემსხვერპლნენ. სწორედ ახალაიას ბრძანებით ყოფდნენ ”კარმუშკებში” ავტომატებს და ისროდნენო”, უყვება ”კვირის პალიტრას” ვლადიმერ ბედუკაძე.

გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე ”ასავალ-დასავალში” ამ ციხის ყოფილ ტუსაღ სანდრო ბრეგაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ბრეგაძე ამბობს, რიგ შემთხვევებში პატიმართა წამებას ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდაო.

”გლდანტანამო, ანუ სისტემური მარცხი” - ეს სათაური ”ტაბულის” ყდაზეა გამოტანილი: ”ცხადია, მომხდარზე თავის წილ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა შეფასდეს, არის არა თავად მარცხი, არამედ ის, თუ როგორ უმკლავდება ხელისუფლება მას”, - წერენ ”ტაბულის” სტატიის თანაავტორები.

”ტერორი ციხეში” - ეს კი ”ლიბერალის” გარეკანია. ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ბოლო მოვლენებია მიმოხილული, ავტორი, ოფიციალური ვერსიიდან გამომდინარე, კითხვების ჩამონათვალით ასრულებს: ”ვინ არის მთავარი დამკვეთი? როგორ შეძლო პატიმარმა თამაზაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემის მრავალი თანამშრომლის, მათ შორის, მაღალჩინოსნების გადაბირება? რატომ ვერ მოხერხდა დანაშაულებრივი სქემის დროული გაშიფრვა? რა მოტივი ჰქონდა ელიზბარაშვილს? ესაა კითხვები, რომელსაც ოფიციალური ვერსია უპასუხოდ ტოვებსო”, წერს ”ლიბერალის” ავტორი. ჟურნალს ადვოკატი ლია მუხაშავრია ეუბნება, რომ სასჯელაღსრულების სისტემის უმთავრესი პრობლემა პატიმართა რაოდენობაა: ”სასჯელაღსრულების სისტემის უმთავრესი პრობლემა პატიმართა რაოდენობაა. მინისტრი არ არის ის პირი, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია. იმ რესურსებით, რაც დღეს სასჯელაღსრულების სისტემას აქვს, ყველა თანამშრომელმა პატიოსნად რომ იმუშაოს, ამ რაოდენობის პატიმრების მიმართ სათანადო მოპყრობას მაინც ვერ უზრუნველყოფს”, - ამბობს ლია მუხაშავრია.

” ‘ოცნების’ აქტივისტთა მასობრივი დაპატიმრება დაიწყო” – ”რეზონანსი” აქვეყნებს ამ სათაურით სტატიას. გაზეთს რამაზ საყვარელიძემ უთხრა: ”სიმართლე გითხრათ, იმის შიშიც მაქვს, რომ იმ კადრების ჩვენების შემდეგ ხელისუფლების ასეთი ქმედება ხომ არ არის გათვლილი იმაზე, რომ პატიმრების წამებით გამოწვეულ აღშფოთებას დაემატოს დაჭერებით გამოწვეული აღშფოთება და ამ ყველაფერმა იმ ზღვარს მიაღწიოს, რომ მისი შეჩერება უკვე რთული იქნება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება იმის საშუალება, რომ, ერთი მხრივ, სპეცრაზმი გამოიყენოს აღშფოთებული ხალხის დასაშოშმინებლად და, მეორე მხრივ, არჩევნები გადადოს”.

ციხეებში არსებული ვითარების შესახებ პატრიარქის ქადაგებაზე ”ვერსიას” ელაპარაკება ნესტან კირთაძე: ”ზეწოლის გარდა, სხვა შემთხვევაში ის არ იტყოდა, ასეთი რამ სხვაგანაც ხდებაო, რადგან იცის, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო რანგში აყვანილ მანიაკალურ, ძალადობრივ, ჯალათურ, სისტემურ პოლიტიკასთან და, სამწუხაროდ, ამ ფაქტით არის მცდელობა საპატრიარქო ამ პოლიტიკური სისტემის ნაწილად აქციონ”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG