Accessibility links

logo-print

გორში ნიღბიანმა პირებმა სცემეს ”ქართული ოცნების" აქტივისტებს


დღეს გორში ნიღბიანმა პირებმა სცემეს ”ქართული ოცნების" აქტივისტებს გიორგი ხახოშვილსა და ვლადიმერ სუჯოშვილს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, კოალიციის აქტივისტებს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან. დღეს დილით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ "ქართული ოცნების" გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს ბუბა დვალს საკუთარ სახლთან უცნობმა პირებმა სახეში შეასხეს გაურკვეველი სითხე. კოალიციის წარმომადგენელთა ცნობით, ბუბა დვალს ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ”ქართული ოცნების” და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ცნობებით, თბილისში და კახეთის და სამეგრელოს რეგიონებში დაკავებულია კოალიციის კიდევ 3 წარმომადგენელი ოთარ ბალანჩივაძე, გივი ნანობაშვილი და ლაშა კვარაცხელია. ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გასული სამი დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა დააკავეს კოალიციის 20-მდე წევრი და მხარდამჭერი. ფანჯიკიძის შეფასებით, ხელისუფლება "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, პოლიცია კი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კოალიციის დაკავებულ წევრთა უმრავლესობას ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. გამონაკლისია კასპის რაიონის მცხოვრები მამუკა ჯანანაშვილი, რომელსაც შსს-ს მტკიცებით, სახლში აღმოუჩინეს უკანონოდ შენახული ტყვია-წამალი.
XS
SM
MD
LG