Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა რუსეთი დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა


საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნაზე გაიმეორა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს მიაღწიოს თავის უმთავრეს მიზანს და შეცვალოს საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება, რაც მან ვერ მოახერხა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ლიდერმა რამდენჯერმე ახსენა, ჩრდილოეთიდან შემოსული „ბინძური ფული“, რუსეთის მხრიდან მუქარები და ინტერვენციის საფრთხის შემცველი სამხედრო მანევრები, რომელიც საქართველოსათვის მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა. „საქართველო არასდროს დაბრუნდება უკან და მას ვერასდროს ჩაითრევენ უკან ვერც ჩრდილოეთიდან შემოსული ბინძური ფულით, ვერც ვერანაირი პირდაპირი სამხედრო ჩარევებით, ვერც მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციებითა თუ სხვადასხვა პარტიზანული შეტევებით. ეს არ გამოვა!", - განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პარალალურად ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, გაეროს შტაბ-ბინის წინ მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ცოცხი და დიდი ბანერი წარწერით - „სააკაშვილი მკვლელია“.
XS
SM
MD
LG