Accessibility links

logo-print

შსს: გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მის მიერ ”ჩატარებულ იქნა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგადაც გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან”. შსს აცხადებს, რომ 23 სექტემბერს თბილისში დააკავა კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი: ”ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა, მის მიერ შქმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ”, - აცხადებს შსს. დღეს შსს-მ მედიას მიაწოდა რამდენიმე აუდიო-ჩანაწერიც, სადაც, სამინისტროს განცხადებით, ”ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი” და ის, რომ ”გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას თხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ თავაზობს მას ფულად ანაზღაურებას”. გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია ”მაესტროსთვის” მიცემულ კომენტარში ჩანაწერს ”სააკაშვილის ხელისუფლების ფაბრიკაცია” უწოდა". ამავე ტელევიზიას კახი კალაძემ განუცხადა: ”არ ვიცი, ამ სისულეებზე ღირს თუ არა კომენტარის გაკეთება. ქურდებს და ქურდულ სამყაროს რაც შეეხება, დიახ, მე მათ ნამდვილად ვიცნობ და ისინი გახლავთ მიხეილ საააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი".
XS
SM
MD
LG