Accessibility links

logo-print

რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ უარი თქვა სტრასბურგში ჩასვლაზე


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, სერგეი ნარიშკინმა დღეს უარი თქვა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობაზე. ნარიშკინის განმარტებით, ის არ გაემგზავრება სესიაზე, რადგან ფიქრობს, რომ მის „დიდ, სტრატეგიულ წინადადებებს“ ყურს არ ათხოვებენ ასამბლეის ხელმძღვანელების ნაწილი და „რუსოფობი დელეგაციები“. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს არ უთქვამს, ვის მიიჩნევს რუსოფობებად. ოქტომბრის დასაწყისში სესიაზე უნდა განიხილონ რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი და მოსალოდნელია, რომ მოსკოვს სტრასბურგში მკაცრად გააკრიტიკებენ. დღესვე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა გააკრიტიკა რუსეთის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში. პუშკოვის თქმით, ანგარიშში "ნათქვამია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა გადავსინჯოთ ჩვენი კანონმდებლობა, გადავსინჯოთ დემონსტრაციების გამართვაზე უფლების გაცემისა და მათი ორგანიზატორების მიმართ სანქციების მიღების პრინციპები; უნდა გადავსინჯოთ ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამი წევრისთვის სასამართლოს მიერ ახლახან გამოტანილი განაჩენი; გადავსინჯოთ კანონი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესახებ; თავი შევიკავოთ იმ კანონის გამოყენებისგან, რომელიც ეხება ისეთი ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფების საქმიანობას, როგორიც არის „იეღოვას მოწმეები“, შევასრულოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ მიღებული რეზოლუციები, რომლებიც თავის დროზე საქართველოს მხარის მიერ იყო ინიცირებული, და რომელთა შესრულება ტოლფასია იმისა, რომ რუსეთს მოსთხოვო, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენობის აღიარებაზე", - განაცხადა ალექსეი პუშკოვმა. მისი თქმით, ცხადია, რომ არც ერთი ქვეყანა არ შეცვლიდა თავის კანონებს გარედან მოთხოვნის გამო.
XS
SM
MD
LG