Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპრომატების ახალი არენა - ინტერნეტი


1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი პოლიტიკური ოპონენტების - ”ნაციონალური მოძრაობისა” და კოალიცია ”ქართული ოცნების” - ფარული ვიდეოკომპრომატების ომმა ტელევიზიებიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. 27 სექტემბერს ”Youtube”-ზე ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელთა მიზანი ამომრჩეველზე ზემოქმედებაა.

27 სექტემბერს გავრცელებული მასალების ნაწილი, სავარაუდოდ, 2005 წლით თარიღდება, ნაწილი კი, მთლიანობაში, წინასაარჩევნო კამპანიის სხვადასხვა ეტაპზეა ჩაწერილი. ქრონოლოგიას თუ მივყვებით, 27 სექტემბერს ამ მასალებიდან სოციალურ ქსელებში პირველი გამოქვეყნდა ჩანაწერები, რომლებიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს ასახავს. ამ ჩანაწერთაგან ერთ-ერთში თბილისის დღევანდელი მერი, გიგი უგულავა, ბადრი პატარკაციშვილს პრორუსული ინტერესების გატარებაში, წყალგამყოფი ხაზის საპირისპირო მხარეს გადასვლასა და ხელისუფლების პოზიციებიდან დაშორებაში სდებს ბრალს.

ფარული ვიდეოჩანაწერების მორიგი ეპიზოდი მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრას ასახავს. ამ შეხვედრაზე, მასალის თანახმად, საუბარი შეეხებოდა მედიაბიზნესში - კერძოდ, „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ შორის - ურთიერთობების მოგვარებას და ტელეკომპანიების ინტეგრაციის საჭიროებას. ბადრი პატარკაციშვილს ამ შემთხვევაში ძირითადად „რუსთავი-2“-დან თანამშრომლების გადაბირებას საყვედურობენ.

ხელისუფლების მისამართით ბადრი პატარკაციშვილის საყვედურების ამსახველია მომდევნო ვიდეოები. ბიზნესმენი ვანო მერაბიშვილს იმაზე ესაუბრება, თუ როგორ უზღუდავენ მას ბიზნესინტერესებს.

”150 მილიონი ჩავდე იმისათვის, რომ ამუშავდეს ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი და ხელს მიშლით ამაში? ამიხსენით, რა, ლოგიკა სად არის. მე ხომ არ ვლაპარაკობ, არა, რაღაც-რაღაცეებზე?! - არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ქობულეთის პარკი ორი წელია არ გამიფორმეს, თითი თითზე დადებული არ არის.”

რა მიზანს ისახავს ბადრი პატარკაციშვილთან ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრების ამსახველი ფირების გამოქვეყნება და რამდენად მუშაობს სავარაუდოდ შვიდი-რვა წლის წინ ჩაწერილი საუბრები წინასაარჩევნოდ? ამ შეკითხვაზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვპასუხობს, რომ კომპრომატი ბრძოლის აზარტის პროდუქტია და არა რაციონალურად გათვლილი საშუალება. თუმცა ვიდრე ზაზა ფირალიშვილის მოსაზრებას უფრო ვრცლად შევეხებოდეთ, თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ ფარული ვიდეოჩანაწერების კომენტარის სახით გამოქვეყნებულ განცხადებას გაგაცნობთ. ამ განცხადებაში თბილისის მერი კონკრეტულად ეხება მასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის გამართული საუბრის ეპიზოდს და ამბობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტი უკვე საჯაროდ მიმდინარეობდა:

”მე დღესაც მიმაჩნია და ვიბრძვი, რომ ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემა დაუშვებელია. დღეს საქართველო იგივე გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთთან ორკესტრირებული ოლიგარქი კვლავ ცდილობს საქართველოს დაპატრონებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ გამოწვევასაც ღირსეულად გადაიტანს.”

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, ბადრი პატარკაციშვილთან საუბრების მსგავსი ჩანაწერის გავრცელება დიდ როლს ითამაშებდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ჰოლანდია, შვედეთი, მაგრამ არა საქართველო. ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი იქნება ზოგადად კომპრომატების რაოდენობა, მით უფრო უგრძნობი გახდება საზოგადოება მათ მიმართ:

”მით უმეტეს, რომ არც ერთი მათგანი ისეთი მასშტაბის არ არის, როგორიც იყო კადრები ციხის, წამებასთან დაკავშირებით. იმ ერთმა ფაქტმა გადაფარა ყველა შესაძლო კომპრომატი. შეიძლება ამან დამატებითი ელფერი მისცეს წინასაარჩევნო სიტუაციას, მაგრამ დღეს გადამწყვეტ როლს, მე დარწმუნებული ვარ, ითამაშებს ის ფაქტი.”

ზაზა ფირალიშვილი გულისხმობს იმ მასალებსაც, რომლებიც 27 სექტემბერს კონკრეტულად ”ქართული ოცნების” კომპრომეტირების მიზნით გამოქვეყნდა. ისინი, როგორც ეგრეთ წოდებული ვიდეომიმართვიდანაც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრმა, ბესო სურმავამ გაავრცელა:

”მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბიძინას დავალებით, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდა „ქართული ოცნების“ წევრების საუბრების ფარული მოსმენა და ჩაწერა, რაზეც მე მიმიწვდებოდა ხელი.”

ჩანაწერებში კი, რომლებიც, ბესო სურმავას აზრით, მძიმე მოსასმენი იქნება კოალიცია ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებისათვის, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი კოალიციის ცალკეულ ლიდერებზე - მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე - გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამს. ამ გამოთქმებში გვხვდება უცენზურო და ღირსების შემლახავი სიტყვები. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას თავისი თანაგუნდელების მოსმენის დავალება დაცვის წევრისთვის არასოდეს მიუცია.

27 სექტემბერს ინტერნეტით გავრცელებული კიდევ ერთი ჩანაწერი კი გარდაბანში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა არეშიძის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეეხება. კადრში მოსაუბრისთვის ფულის გადაცემაც ჩანს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ეს მოსაუბრე კოორდინატორია და ფულიც, დაახლოებით 120 ლარის ოდენობით, სიგარეტისა და ტრანსპორტის ხარჯებისთვის მისცა. მთლიანობაში კი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ფირი ტენდენციურადაა დაჭრილი და, შესაბამისად, ფალსიფიკაციას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG