Accessibility links

logo-print

მაკა ლობჟანიძე: ჩემი მეუღლე გაიტაცეს და ამაში ხელისუფლების ხელი ურევია


”ჩემი მეუღლე გაიტაცეს და ამაში ხელისუფლების ხელი ურევია” - ამის შესახებ კოალიცია ”ქართული ოცნების” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას მეუღლემ მაკა ლობჟანიძემ. ის გამორიცხავს, რომ ”იუტუბზე” აუდიოჩანაწერები მეუღლის ატვირთული იყოს, რადგან მაკა ლობჟანიძის თქმით, მისი დახმარების გარეშე ბესიკ სურმავა ”სკაიპითაც” კი ვერ სარგებლობს. ლობჟანიძე ასევე დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე ფარულ ჩაწერას არ აწარმოებდა და რომ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ხორციელდება. "ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ორჯერ სატელეფონო საუბრისას ჩემი მეუღლე არაადეკვატური იყო, ვერ აზროვნებდა და ლაპარაკი უჭირდა”, - განაცხადა მაკა ლობჟანიძემ. მან მეუღლეს მიმართა, "ფსიქოლოგიურად არ გატყდეს" და სამართალდამცვებს მოუწოდა, ბესიკ სურმავა უვნებლად დააბრუნონ. ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს ხელსუფლების მიერ გატაცებულად მიიჩნევს ბესიკ სურმავას ცოლისძმა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლევან ლობჟანიძემ განაცხადა, რომ სურმავას სახით შეარჩიეს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგული ადამიანი და მისი საშუალებით ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს კოალიციაში განხეთქილებაა. ბესიკ სურმავას მოსაძიებლად მისი ოჯახი დახმარებას სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.
XS
SM
MD
LG