Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 27 სექტემბერი


”არ გაბედოთ არმიით მომიტინგეების დარბევა!” - ასეთი მიმართვით ასათაურებს ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი სტატიას, რომელშიც წერს 24 სექტემბერს მესტიაში მომხდარზე, როცა ”მესტიელები აპროტესტებდნენ ოპოზიციონერ კახა ჟორჟოლიანის მანქანით წაყვანას ზუგდიდში და პოლიციის მანქანას დაძვრას არ ანებებდნენ. საპასუხოდ ხელისუფლებამ მობილიზება გაუკეთა იქვე, ტყის მასივში, ორიოდე თვით ადრე დაბანაკებულ უცნობ სამხედრო დანაყოფს... ...სამხედროები, მეთაურის ბრძანების თანახმად, ცდილობდნენ მომიტინგეების დაშლას”. ”არსენალის” მთავარი რედაქტორი სტატიას ასე ასრულებს: ”თუკი ხელისუფლება მაინც გაბედავს არმიის დანაყოფებით მიტინგების დაშლას, მაშინ ეს საბოლოოდ დაასამარებს ქართული არმიის იმიჯს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში და დაასამარებს ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იმედსაც კი”. დღეს ჟურნალი ახალ რუბრიკაში - ”დაიცავი თავი” - მკითხველს სთავაზობს სპეციალური ილეთების ფოტოებს, სათაურით: ”როგორ უნდა მოიგერიოთ ხელკეტიანი თავდამსხმელი”.

”რეზონანსის” პირველ გვერდზე კი ასეთი სათაურია: ”თბილისთან წინასაარჩევნოდ სპეცრაზმების კონცენტრაცია ხდება”. ავტორი, ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, წერს საქართველოს მასშტაბით სამხედროების გადაადგილების შესახებ. ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ: ”48 საათიანი აკრძალვა არჩევნებამდე”. - აკრძალვა შეეხება აგიტაციასა და პროპაგანდას: ” ‘როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობიდან’ ”რეზონანსს” განუმარტეს, არჩევნებამდე 48 საათიანი ამგვარი აკრძალვა ჩვეულებრივ სამოქალაქო პირებს არ ეხებათ. შესაბამისად, სოციალურ ქსელებში არაპოლიტიკური პირის მიერ მოწოდების ტიპის პოსტის გაკეთება ან ქუჩაში პოლიტიკურ ლოგოიანი მაისურით სიარული შეზღუდული არ არის”.

”ვერსია” - ”ვის მოუწოდებს შეიარაღებული ჯგუფების დაშლისკენ ირაკლი ალასანია”. ინტერვიუში ირაკლი ალასანია ამბობს: ”მე მათ პირდაპირ მივმართავ და მივმართავ კონკრეტულად კრიმინალ უდესიანს, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭებისგან შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს შექმნილი - სასწრაფოდ დაშალოს ეს ჯგუფები, თორემ ეს კრიმინალი ადამიანი, სასამართლოს ძალით, მთელი სიმკაცით დაისჯება!”.

”ვერსიაშივე” – ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან: ”ორივე, სააკაშვილიცა და ივანიშვილიც, დღეს საკუთარი დაპირებების, გარემოცვისა და მდგომარეობის მძევალია, არც ერთმა არ დაიტოვა უკანდასახევი გზა, თუნდაც, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე საოცარი სისასტიკით ცდილობს მოწინააღმდეგის განადგურებას”.

ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა კი, ლევან ვეფხვაძემ, ”24 საათს” მისცა ინტერვიუ: ”ჩვენი მიზანია სიმშვიდის შენარჩუნება. სხვათა შორის, თუ ადრე არჩევნების ჩაშლა ყუთებში ბიულეტენების ჩაყრით ხდებოდა, ახლა ახალი მეთოდი გამოიგონეს - უბნებში შევარდნა კამერებით, რომლებიც, როგორც ჩანს, არა ჟურნალისტებს, არამედ გაურკვეველი წარმომავლობის ჯგუფებს ეკავებათ. ამიტომ არჩევნების დღეს მთავარი საფრთხე სწორედ ხმაურია. თავიდან ხელისუფლებას ”კამერებით ჩხუბი” ეზარებოდა და ამიტომ კამერების აკრძალვა გადაწყვიტა, რაც ჩვენი ძალისხმევით არ მოხერხდა. თუმცა, ვფიქრობ, ”კამერების ჩხუბი” მაინც გარდაუვალია”.

დღეს ”24 საათის” ”უიკენდიც” გამოვიდა. მასში ქვეყნდება მოსაზრებები ბოლოდროინდელ მოვლენებზე. ერთ-ერთი ავტორი ასე ასრულებს: ”იმედია, მომავალ კვირას საქართველო, მაიკლ ჯექსონის კლიპის მსგავსად, საფლავებიდან ამოსული პოლიტიკური გვამების ვაკხანალია-ზეიმ-ცეკვა-თამაშს არ დაინახავს და არ მოესწრება. იმედია, ცხრა წლის სიმწრით ნაშენებ სახელმწიფოს კედლებს, საძირკველს ნამგალით და უროთი არავის დავანგრევინებთ”.

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე კითხვის ნიშნიანი სათაურია: ”ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით კომპრომატების გამოქვეყნება იგეგმება?” ავტორი ამის მოლოდინზე წერს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG