Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ ციხეში მისი წამების შესახებ ისაუბრა


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი მისი პატიმრობის დროს საკუთარი წამების ფაქტებზე საუბრობს და ამაში გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილსა და გოგა გრიგალაშვილს ასახელებს. როგორც მოლაშვილმა “მეცხრე არხის” ეთერში საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, დაკავების პირველივე ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბოკერია და ადეიშვილი მას წამების საშინელი მეთოდებით გაუსწორდნენ სასურველი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით. სულხან მოლაშვილი თანამდებობის უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით 2004 წელს დააკავეს. დაკავებიდან მალევე საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის შემზარავი ფოტოები იხილა: პატიმრობაში მყოფ სულხან მოლაშვილს მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა. „გამორიცხულია, რომ სააკაშვილს ასეთი ფაქტების შესახებ პირადად არ სცოდნოდა, უფრო მეტიც - გიგა ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც გააჩნდა დასაჭერი ხალხის სია. სიას ადეიშვილთან ერთად განიხილავდნენ და ის გოგო-ბიჭები, კალმახელიძეები და ახალაიები ამ მზაკვრულ გეგმას პიონერებივით ასრულებდნენ”, - განაცხადა სულხან მოლაშვილმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ლიონში იმყოფება. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების წევრთაგან არავინ გამოხმაურებია. მოლაშვილმა ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თხოვნით შეიწყალეს. გათავისუფლების შემდეგ, მოლაშვილმა ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქართველოს ხელისუფლება მის უკანონო და პოლიტიკური ნიშნით დაკავებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG