Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს


ცესკოს ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 10,3%-მა. 11 საათზე გამართულ ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. აზარაშვილის ცნობითვე, არჩევნები ჩაიშალა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული იყო 24 ამომრჩეველი. კენჭისყრის ჩაშლის მიზეზად ცესკოს სპიკერმა ის დაასახელა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კომისიის 7 წევრიდან 2 არ გამოცხადდა და შესაბამისად ვერ მოხერხდა უბნის გახსნა. ეკა აზარაშვილის განცხადებით, საჩხერის ოლქის 25-ე და 53-ე უბნებზე რეგისტრატორის ბეჭედი იყო ნომრით 25, კენჭისყრა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა კომისია იმსჯელებს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი არჩევნების შედეგებზე. ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავის მე-16 უბნის თავმჯდომარეს, რომლის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს, მომხდარს კი პოლიცია იძიებს. აზარაშვილის ცნობითვე, პოლიცია იკვლევს მარტვილის მე-3 უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გატაცების ფაქტსაც. ცესკოს სპიკერი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებსაც, რომ ზოგიერთ უბანზე ამომრჩევლების რაოდენობა ბიულეტენების რაოდენობისგან განსხვავდება. აზარაშვილის განცხადებით, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ამომრჩეველთა სიაში არსებობს მოქალაქეთა სტატუსის ამსახველი მინაწერები კერძოდ, იმყოფება საზღვარგარეთ, სამხედრო სამსახურშია, იმყოფება პატიმრობაში და ა.შ
XS
SM
MD
LG