Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის მედია საქართველოში არჩევნების შესახებ


უცხოეთის მედიაში ფართოდ შუქდება საქართველოს პარლამენტის არჩევნები. დასავლეთში ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალება უძღვნის რეპორტაჟებს და ანალიტიკურ მასალებს ზოგად პოლიტიკურ ვითარებას, არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და კოალიციებს, საარჩევნო თემებსა და კენჭისყრის პროცესს.

გავრცელებულია შეფასება, რომ საქართველოში 1 ოქტომბერს ტარდება 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ უმნიშვნელოვანესი არჩევნები. და ყველგან ახსენებენ ათიოდე დღის წინ, 19 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ასახავს საქართველოში პატიმრების წამების ფაქტებს.

ასეა, მაგალითად, სარედაქციო წერილში, რომელიც დღევანდელ ნომერში გამოაქვეყნა ბრიტანეთის გაზეთმა „ინდეპენდენტმა“. სტატიაში ნათქვამია, რომ განვლილ წლებში ქვეყანამ „გასაოცარ წინსვლას“ მიაღწია, მაგრამ ქართველების ნახევარზე მეტს სამუშაო არა აქვს და პრეზიდენტს ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ.

„ევროპული სტილის დემოკრატიად გარდაქმნა არასოდეს ყოფილა იოლი. ვინც უნდა გაიმარჯვოს დღეს, მისი მთავარი ამოცანა იქნება, აღადგინოს საქართველოს ეროვნული თანხმობა, რომელშიც ბზარი სწრაფად იზრდება“, - ვკითხულობთ "ინდეპენდენტში".

ასევე ლონდონში გამომავალი „გარდიანიც“ სარედაქციო წერილს უძღვნის არჩევნებს.

„წლების მანძილზე ჩუმი ქველმოქმედების შემდეგ, ივანიშვილი უეცრად გამოჩნდა სცენაზე - კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერად. მას ადანაშაულებენ, რომ კრემლის პროექტია და ხმების ყიდვას ცდილობს. ივანიშვილის მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება და მას კარგი შანსები აქვს თავისუფალი არჩევნების პირობებში“, - წერს გარდიანი.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ დღევანდელ პუბლიკაციაში დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის, ილია მეორის განცხადებებს. თბილისში "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტი ელენ ბერი აღნიშნავს, რომ ილია მეორე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული მოღვაწეა და რომ კვირის ქადაგებისას ის გამოვიდა მოწოდებით, არ დაუშვან კენჭისყრის გაყალბება. მანვე თავი შეიკავა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენო, წერს ელენ ბერი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს "ვაშინგტონ პოსტიც".

აი, როგორც იწყებს სტატიას თბილისში მყოფი კორესპონდენტი, ჯეკსონ დილი:
„ორშაბათს რაღაც განსაკუთრებული ხდება აქ - რეგიონში, სადაც ავტოკრატია ნორმაა. ტარდება მართლაც კონკურენტული საყოველთაო არჩევნები. ახლა გასარკვევი რჩება ის, დააახლოებს თუ არა არჩევნები საქართველოს დასავლური სტილის ლიბერალურ დემოკრატიასთან, რის ხელშეწყობასაც რვა წელია, ცდილობს შეერთებული შტატები - თუ ძალადობით მოცულ პოლიტიკურ არეულობაში ჩააფლობს“, - ვკითხულობთ "ვაშინგტონ პოსტში" დაბეჭდილ სტატიაში.

საქართველოში არჩევნებს აშუქებენ წამყვანი ტელეკომპანიებიც: შეერთებულ შტატებში დაფუძნებული CNN-ი, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ი, გერმანიის, საფრანგეთის წამყვანი ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებები.
XS
SM
MD
LG