Accessibility links

ნილ საიმონი: ჩვენ აქ შედეგებზე სალაპარაკოდ არ ვართ ჩამოსულნი

  • ნიკო ნერგაძე

ნილ საიმონი

ნილ საიმონი

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წინასწარ განცხადებას არჩევნების
შედეგების შესახებ 2 ოქტომბერს გააკეთებს, მანამდე კი რადიო თავისუფლება
საერთაშორისო დამკვირვებლების როლზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
წარმომადგენელს ესაუბრა. ნილ საიმონს ნიკო ნერგაძე ელაპარაკა იმ
კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისია.

რადიო თავისუფლება: მიიჩნევა, რომ ამ მისიის დასკვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას. როგორია თქვენი მიდგომა, რა კრიტერიუმები გაქვთ, თუ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც მისია იტყოდა, რომ არჩევნები აღარ არის თავისუფალი და სამართლიანი?

ნილ საიმონი: საერთაშორისო დამკვირვებლები აქ არიან, რათა დააკვირდნენ და კომენტარი გააკეთონ საარჩევნო პროცესზე. ჩვენ აქ შედეგებზე სალაპარაკოდ არ ვართ ჩამოსულნი.

რადიო თავისუფლება: ამავე დროს, არასწორი იქნება ვთქვათ, რომ მნიშვნელობა ამ დაკვირვების შედეგებსაც ენიჭება? ანუ, საბოლოოდ, ყველაფერი მაინც იქამდე დადის, თუ რამდენად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა არჩევნები, რამდენად ასახავდა ის ქართველი ამომრჩევლის ნებას. ასე არაა?

ნილ საიმონი: არსებობს ბევრი განსაზღვრება იმისა, თუ რას აკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. მარტივი გზაა, რომ ეს განსაზღვრება ორ სიტყვამდე დაიყვანო. სამწუხაროდ, ეს ასე მარტივი არ არის. ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან თავად არჩევნებია რთული პროცესი. თუ წითელ წვენს და ლურჯ წვენს კოლბაში ჩაასხამ და მიიღებ სითხეს, რომელიც იასამნისფერია, მაგრამ, ამავე დროს, წითელი და ლურჯიც დაჰკრავს, მაშინ რა უნდა თქვა, რა ფერი მივიღეთ? ჩანს, თითქოს იასამნისფერია, მაგრამ, ამავე დროს, ლურჯიც ჩანს და წითელიც... არჩევნები ყოველთვის არაერთგვაროვანი რამაა. მეტისმეტი გამარტივება იქნება, თუ დამკვირვებლის მიდგომას ერთ ზედსართავამდე დავიყვანთ.

რადიო თავისუფლება: ამ შეკითხვას ვუბრუნდებით, რადგან არჩევნებამდე რამდენიმე კვირით, შეიძლება თვეებითაც ადრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიდიოდა ლაპარაკი, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ აი, თუ ეუთო არჩევნებს სამართლიანად ცნობს, მაშინ მას ოპოზიციაც აღიარებს... რას იტყვით ამაზე?

ნილ საიმონი: საერთაშორისო დამკვირვებლებს აქვთ ინფორმაცია ამ არჩევნების დროს წამოჭრილი ყველა საკითხის შესახებ. ჩვენ ვიცით, თუ რა განცხადებები კეთდებოდა მედიაში ჩვენს შესახებ და იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ. ჩვენ კომენტარს ამ არჩევნების თაობაზე კენჭისყრის მეორე დღეს გავაკეთებთ.
XS
SM
MD
LG