Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიის ჩაბარებული ტესტი, დარჩენილი გამოწვევების ფონზე


საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ყველაზე კონკურენტულ და სანდო არჩევნებად მიიჩნევენ და მას ”დემოკრატიის ჩაბარებულ ტესტს” უწოდებენ. 2 ოქტომბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციამ ( IRI), ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) წარმომადგენლებისგან შემდგარმა ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი შეფასებები გამოაქვეყნა.

ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ტონინო პიცულას თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა ერთგვარი ტესტი, საქართველოს სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისა და სიმწიფის მაჩვენებელი. 2 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ტონინო პიცულა პროცესს ასეთ შეფასებას აძლევს:

”სასიამოვნო იყო იმის ნახვა, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო თავად საარჩევნო სუბიექტებმა როგორ შეარბილეს ტონი გუშინ ღამით. ჩვენ მივესალმებით აშკარა წინასაარჩევნო მცდელობებს მაქსიმალურად დახვეწილიყო საარჩევნო სია, ტრანპარანტული გამხდარიყო პარტიათა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების პროცესი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო მედია. ამ არჩევნებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კონსოლიდირებული დემოკრატიული არჩევნებისაკენ, თუმცა აღსანიშნავია ცალკეული საკვანძო საკითხებიც. წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული და დაძაბული იყო, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეტი ყურადღება ეთმობოდა კანდიდატების თანამდებობრივ უპირატესობას და პირად ფინანსურ აქტივებს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმებსა და პროგრამებს. მაშინ, როდესაც გაერთიანებების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მთლიანობაში, დაცული იყო, პარტიის აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე ძალადობა და დაშინება მაინც ხორციელდებოდა. მსგავსი შემთხვევები, უმეტესად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაკავებითა და დაჯარიმებით სრულდებოდა. ამ ყველაფერმა კი განაპირობა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უნდობლობის ჩამოყალიბება. მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც უხეშ რიტორიკას და ნაკლოვანებებს შეიცავდა, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისუფლად გამოხატა თავისი ნება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო შედეგები ამომრჩეველთა არჩევანს ასახავს.”
მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, არჩევნები საქართველოში კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ეს აისახა კიდეც ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ, როგორი აქტიური იყო სამოქალაქო მონაწილეობა ...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ კი შენიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიას საკმაოდ აქტიური და დაძაბული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და ასე გააგრძელებს მომავალშიც, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესს:

”მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, არჩევნები საქართველოში კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ეს აისახა კიდეც ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ, როგორი აქტიური იყო სამოქალაქო მონაწილეობა. დღეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა, რომ ისინი აღიარებენ იმ დასკვნას, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ.

ორივე მხარემ - როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ - უნდა შეძლოს თანამშრომლობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. თუმცა დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია უმრავლესობით მოსულ ძალას, რომელმაც მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და იყოს გახსნილი; თავის მხრივ, ოპოზიცია უნდა იყოს კონსტრუქციული და პასუხისმგებლობით სავსე. გარემოს პოლარიზება უნდა დაიძლიოს, უნდა დაიძლიოს ერთმანეთის მიმართ მტრული რიტორიკა, რადგან ქართველი ხალხის ერთადერთი მტერი დღეს დემოკრატიული რეფორმების ნაკლებობაა.”
ახლა მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ადამიანებმა, ისე მთლიანად ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს, რომ კამპანია უკვე წარსულს ჩაბარდა; ახლა მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა ...
დევიდ დრაიერი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასენ აგოვმაც განაცხადა, რომ, საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სურვილი და სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელმა არჩევნებზე, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვულჩანოვმა კი შენიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მიუხედავად მასში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებისა, კვლავაც დასახვეწია და ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

2 ოქტომბერს არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციამაც ( IRI), რომლის ხელმძღვანელმა, დევიდ დრაიერმა, იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებისთანავე ორივე პოლიტიკური ძალა აღიარებს არჩევნების შედეგებს. ზოგადად, IRI-ის დასკვნის მიხედვით, ეს იყო ყველაზე კონკურენტული და სანდო საპარლამენტო არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. წინასწარ დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ არჩევნებზე არ ყოფილა სისტემური ხასიათის დარღვევები:

”მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ადამიანებმა, ისე მთლიანად ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს, რომ კამპანია უკვე წარსულს ჩაბარდა; ახლა მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა, გაერთიანდნენ და ერთად იზრუნონ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და ყველა სხვა გამოწვევისთვის, რაც გარშემო არსებობს.”

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ საბოლო დასკვნებს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, როდესაც უკვე ყველა ხმა დაითვლება და ცნობილი გახდება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG