Accessibility links

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - უკანასკნელი ორი დღეა ეს საკითხი რუსული პრესისთის განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ”სააკაშვილმა წააგო: ახლა რა ელის საქართველოს?” - ამ სათაურით აქვეყნებს დღევანდელი ”არგუმენტი ი ფაქტი” სტატიას. მას შემდეგ, რაც პუბლიკაციის ავტორს სტატიის გამოქვეყნების მომენტისათვის არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები მოჰყავს, ის პირველი ოქტომბრის ღამით არსებულ სიტუაციას აღწერს: ”ეგზიტ პოლების პირველადი მონაცემების გამოცხადების შემდეგ, თბილისში ოპოზიციამ გამარჯვება ხმამაღლა იზეიმა, ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი, რომელსაც, როგორც ჩანს, ახლა ერთი წლის განმავლობაში მოუწევს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლების გაყოფა, დამარცხება აღიარა”.

”გარდა ამისა”, - აგრძელებს ”არგუმენტი ი ფაქტის” კორესპონდენტი, ”პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ”ისეთი გამჭვირვალე არჩევნები ჩაატარა, როგორსაც ქვეყანას ჰპირდებოდა”. თავის მხრივ, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ”ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი საქართველოს შენება დაიწყონ”. - სტატიის ავტორი პუბლიკაციას ურთავს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დერექტორის სერგეი მარკოვის მოსაზრებას. სერგეი მარკოვი ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სიტუაცია შესაძლოა სამი სცენარით განვითარდეს:
”პირველი - სამოქალაქო ომი, მეორე - სააკაშვილის დამარცხება და მისი გასამართლება და მესამე - ოპოზიციის ლიდერების რეპრესიები, რომელთა მხარდასაჭერ აქციებს დაარბევენ”.
თუმცა ჟურნალისტი, დასკვნის სახით, ერთ აბზაცსაც ამატებს პუბლიკაციას და წერს: ”სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ყველა ეს სცენარი მხოლოდ მაშინ შეიძლება განვითარდეს, თუკი სააკაშვილიცა და ივანიშვილიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები აღმოჩნდებიან. ჯერჯერობით ორივე ლიდერის სურვილი შევიდნენ ევროკავშირში, საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ, როგორც ჩანს, მხარეები ცივილიზებულად მოილაპარაკებენ ხელისუფლების გადაბარების ან გაყოფის თაობაზე”.

მიხეილ სააკაშვილის საპარლამეტნო არჩევნებში დამარცხების აღიარების შესახებ წერს ”კომსომოლსკაია პრავდა”. ”როგორც არ უნდა იყოს, არჩევნების საბოლოო შედეგები 20 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამჯერად კი ცხადია, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებს ცხელი დღეები ელის, - წერს ”კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტი.

”სააკაშვილის დამარცხების აღიარებას ჰაკერები ხელს უშლიან”, - ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას დღევანდელი „იზვესტია“. ”ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს მალავს, კომისიის წევრები კი ტექნიკურ ხარვეზებზე მიუთითებენ”,- წერს პუბკლიკაციის ავტორი. ”2 ოქტომბრის დილის 10 საათისათვის ხმათა მხოლოდ 15 პროცენტი დაითვალა, რის მიზეზადაც კომისია ქსელთან არსებულ პრობლემას ასახელებს”, - თუმცა, როგორც კორესპონდენტი წერს, ოპოზიცია ამ მიზეზს გამოგონილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგების გამოქვეყნებას განგებ აჭიანურებს, რათა მათ მოგვიანებით ხმების გაყალბება მოახერხონ. აქვე ჟურნალისტი იმასაც მიუთითებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის უპირატესობას არც ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს. გაზეთ ”იზვესტიას” ჟურნალისტის სიტყვებით, თბილისის მაღაზიების ვიტრინებზე ”ქართული ოცნების” სიმბოლოებია მიკრული, ოპოზიციური გაზეთები კი გამოვიდა სათაურებით ”ჩვენ გავიმარჯვეთ!”

გაზეთ ”ვედომოსტის” ჟურნალისტი პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მიმოიხილავს, პუბლიკაციას კი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებით ასრულებს: ”საქართველოსთვის ეს უნიკალური შემთხვევაა - ხელისუფლების შეცვლა კანონიერად, არჩევნების შედეგად ხდება და არა ისე, როგორც ეს ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის შემთხვევაში მოხდა”.
XS
SM
MD
LG