Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი გადადგომისაკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი შესაძლოა, გადადგეს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ეს შეფასება ივანიშვილმა გამოთქვა სამშაბათს, კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა პასუხობდა შეკითხვას, როგორ წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი მთავრობის მუშაობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში. ივანიშვილის თქმით, ეს ძალიან რთული საკითხია და მასზე კონსტიტუციის ექსპერტები მუშაობენ. ეს არის სწორედ სააკაშვილის დემოკრატია, რომ თავის თავზე მოირგო კონსტიტუციაო, განაცხადა ივანიშვილმა. მანვე გამოთქვა იმედი, რომ საქმე არ მივა კრიზისამდე და სააკაშვილი გადადგება. „მე მგონია, რომ მოახერხებს გადადგომას - თვითონ. მე ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ თვითონვე მოახერხებს დღევანდელი განცხადების შემდეგ. შემდგომი ნაბიჯი - მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომ დაწეროს განცხადება და გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები“, განაცხადა სამშაბათს პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილი შეეხო სხვა საკითხებსაც, მათ შორის გამოთქვა იმედი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ერთ კვირაში აღუდგენენ საქართველოს მოქალაქეობას.
XS
SM
MD
LG