Accessibility links

logo-print

ბოკერია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ არ შეუქმნას ქვეყანას პრობლემა


უშიშოროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია შეახსენებს გამარჯვებულ ძალას, ბატონ ივანიშვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ტარდება და ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები. ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პასუხად. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლო „საკონსტიტუციო კრიზისის“ თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებად საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა ესახება. „საუბარი იმაზე, რომ ვიღაც არ მიიღებს, რომ პრეზიდენტის მიერ იქნას წარდგენილი, არის გაუგებარი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელიცაა. ქართულმა საზოგადოებამ დაამკვიდრა მეთოდი, რომ ხელისუფლებაში უნდა იყოს ის ძალა, რომელსაც მხარს უჭერს უმრავლესობა. ასეთი ამ წუთას არის “ქართული ოცნება”. კეთილი ინებონ ეს პასუხისმგებლობა აიღონ როგორც წესია და არ შეუქმნან ქვეყანას პრობლემა“, განაცხადა გიგა ბოკერიამ. ამასთან უშიშროების საბჭოს მდივანმა დასძინა, რომ დღევანდელი კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ საერთოდ არ დაამტკიცოს პარლამენტში უმრავლესობით შესული ახალი პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი, თუმცა ის პატივს სცემს ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს და პროცესის გაწელვას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG