Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენვერში გაიმართა ობამასა და რომნის პირველი დებატები


შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შედგა პირველი დებატები პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ მეტოქეს - მიტ რომნის შორის. ობამამ და რომნიმ თავიანთი შეხედულებები და არგუმენტები საშინაო საკითხებზე გაცვალეს. 90 წუთიანი დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკას შეეხო. მიტ რომნიმ ობამა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს ”მორალური საკითხია”: ”ვთვლი, რომ ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ვფიქრობ, ეს მორალური საკითხია. არ მიმაჩნია ჩემი თაობის მორალურ საქციელად ის, რომ ვხარჯოთ მეტი, ვიდრე ვაგროვებთ, როცა ვიცით, რომ ეს ტვირთი მომავალ თაობას გადაეცემა და მათ მოუწევთ პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა მთელი ცხოვრების მანძილზე. წელიწადში ერთი ტრილიონი დეფიციტის დამატება, უბრალოდ, ამორალურია”. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიტ რომნის კრიტიკას ასე უპასუხა: ”როცა ოვალურ კაბინეტში შევაბიჯე, ტრილიონ დოლარზე მეტი დეფიციტი ”შემომეგება”. ჩვენ ვიცით საიდან მოვიდა ეს დეფიციტი: ორი ომი, რომლისთვისაც გადავიხადეთ ჩვენი საკრედიტო ბარათებიდან; გადასახადების შემცირების ორი ეტაპი, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუხდელია; უამრავი პროგრამა, რომლებიც არ იყო დაფარული და მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვთქვით - ”დიახ, ჩვენ უნდა განვახორციელოთ საწყისი, გადაუდებელი ღონისძიებები იმისათვის, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს დიდ დეპრესიაში, თუმცა, ასევე ვთქვით - ”მოდით, შევამციროთ ის ხარჯები, რომლებიც არ უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას”.
XS
SM
MD
LG