Accessibility links

ამერიკელი სენატორები ივანიშვილს გამარჯვებას ულოცავენ, სააკაშვილს კი დამარცხების აღიარებას უქებენ


3 ოქტომბერს გავრცელდა ამერიკელი სენატორების: ჯონ მაკკეინის, ჯო ლიბერმანისა და ლინდსი გრემის განცხადება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ: ”ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოს რეფორმისტულმა ხელისუფლებამ პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით გარდაქმნა ქვეყანა იმგვარად, რომ ის მსოფლიოსთვის იქცა შთამაგონებლად და ნიმუშად. ერთ დროს კორუფციით მოცულ ქვეყანაში, გაიზარდა ცხოვრების სტანდარტი და ქვეყანა დაადგა მართებულ გზას ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისა და წარმატებული დემოკრატიისკენ. ამ ხნის განმავლობაში, არ იგრძნობოდა ცინიკოსთა ნაკლებობა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას დემოკრატიის მიმართ და ირწმუნებოდნენ, რომ ვარდების რევოლუცია საბოლოოდ ყალბი და მოკლევადიანი აღმოჩნდებოდა. მიმდინარე კვირაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სანდო და კონკურეტული უწოდეს, აგრეთვე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რასაც ამ არჩევნებმა დაუდო სათავე, არის საქართველოს რეალური და აღსანიშნავი წინსვლის ძლიერი დასტური, რაც მან განიცადა პოსტ-საბჭოთა ავტორიტარიზმიდან დასავლური დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. რამდენადაც მნიშვნელოვანი და ისტორიულია ეს არჩევნები საქართველოსთვის, იმდენად გადამწყვეტი იქნება მომდევნო პერიოდი მისი მომავლისთვის. ჩვენ ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას - ”ქართულ ოცნებას” გამარჯვებას და ვაქებთ პრეზიდენტ სააკაშვილს დამარცხების დიდსულოვნად აღიარებისთვის. ეს იყო დემოკრატი პოლიტიკოსისა და საქართველოს პატრიოტის ნაბიჯი, როგორადაც ჩვენ ყოველთვის ვიცნობდით მიშას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერებს იყვნენ ისეთივე დიდსულოვნები თავიანთ გამარჯვებაში, როგორებიც არიან მათი ოპონენტები დამარცხებაში. ახალმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას და არ გამოიყენონ სახელმწიფო ინსტრუმენტები პოლიტიკური შურისძიებისთვის. ისინი უნდა ემსახურონ მთელი ქვეყნის ინტერესებსა და სულისკვეთებას და კონსტუქციულად იმუშაონ ოპოზიციასთან ქვეყნის წინსვლისთვის. ამ მხრივ, ჩვენ შეწუხებულები ვართ ბატონი ივანიშვილის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისკენ მოწოდებით, რაც დაყოფას იწვევს; აგრეთვე, დასჯის ზოგადი მუქარით და გავრცელებული ცნობების თანახმად, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერთა” მხრიდან დაშინებითა და არეულობით. ისევე, როგორც ადრე, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების მომავალი დამოკიდებულია საქართველოს მდგრად განვითარებასა და დემოკრატიული კულტურისა და ინსტიტუტების გაღრმავებაზე. გვწამს, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც სწორედ ეს სურთ თავიანთი ხელისუფლებისგან. ჩვენ ძალიან აღგვაფრთოვანებს ამ პატარა და შესანიშნავი ქვეყნის მიღწევა. ამ კვირაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს ხალხს მეტი მიზეზი აქვს სიამაყისთვის”.
XS
SM
MD
LG