Accessibility links

დღევანდელ პრესაში აქტიურად განიხილება ვერსიები ახალი მთავრობის სავარაუდო შემადგენლობის შესახებ და კონკრეტული პირებიც სახელდებიან: ” ‘ქართულ ოცნებაში’ მთავრობის დაკომპლექტება დაიწყეს”, ”ვინ იქნებიან ახალი მინისტრები?”, ” ‘ოცნების’ მოდელირებული მინისტრთა კაბინეტი/ ”ნაცმოძრაობა” კოალიციურ მთავრობას გამორიცხავს”. ეს სათაურებია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, პრესის ვერსიებს რესპონდენტი პოლიტიკოსები არ ადასტურებენ.

”რეზონანსის” წყაროს ცნობით, ”პარლამენტის თავმჯდომარე ქალი იქნება, დიდი ალბათობით - მანანა კობახიძე, თუმცა დავით უსუფაშვილზეც მიმდინარეობს საუბარი. თუკი უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება, მას ან მის მეუღლეს, თინა ხიდაშელს, იუსტიციის მინისტრადაც მოიაზრებენ, თუმცა ამ პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილს მოიაზრებენ...” და ა.შ. - ამ ტიპის ვარაუდები ქვეყნდება დღეს პრესაში.

”ალია” შეეცადა დავით საგანელიძესთან დაეზუსტებინა მისი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ხილვის ალბათობა: ”ჯანდაცვის მინისტრობაზე თუ არის საუბარი, სრულიად გულწრფელად გეუბნებით, უარს ვიტყვი. მე შევალ პარლამენტში და, ალბათ, უფრო სხვა სფეროში გავაგრძელებ მუშაობას”, უთხრა ”ალიას” დავით საგანელიძემ.

”ალიას” პირველ გვერდზე დღეს ყველაზე მსხვილი შრიფტით არის სათაური - ”ესენი უნდა გასამართლდნენ! იმიტომ რომ...”. სტატიის ავტორი თავის არგუმენტებს სთავაზობს მკითხველს, თუ, მისი აზრით, რატომ უნდა გასამრთლდნენ დღევანდელი პრეზიდენტი, მისი მთავრობისა და პარლამენტის რამდენიმე წევრი.

”ალიაში” დღეს ვლადიმერ ბედუკაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს, რომ დღემდე ელოდება სტამბოლიდან ბრიუსელში ცოლ-შვილის ჩასვლას. მას ეჭვი აქვს, რომ მათ ხელოვნურად ექმნებათ ბარიერი. ბედუკაძე ამბობს, რომ დღემდე ვერ შეძლო ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ რომელიმე პირთან დაკავშირება”...გელა, დამიჯერე, აქაც მარტო დავრჩი და რომ არა ორი მეგობარი, ახლა ან მკვდარი ვიქნებოდი, ან კიდევ თბილისში ირაკლი ოქრუაშვილივით აღიარებით ჩვენებას მივცემდი. აღარავის აღარ ვენდობი ბიძინა ივანიშვილის გარდა... შენც გენდობი რაღაცნაირად, ვიცი, რომ დამეხმარები”, - ეუბნება ბედუკაძე ”ალიას” კორესპონდენტს.

”საქართველოს რესპუბლიკა” ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის განმარტავს უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის გადადგომაზე თავისსავე ნათქვამს: ”მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში, შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი”.

დღევანდელი პრესა წერს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა თანამდებობა დატოვა. ”გაიაფდება თუ არა ხორცი?”, კითხულობს ქვესათაურში ”ახალი თაობის” ავტორი: ”ყველას გახსოვთ სულელური კანონი, რომლითაც მხოლოდ იმ ხორცის გაყიდვა შეიძლებოდა, რომელიც ჩოჩელის ”ბოინში” დაიკვლებოდა”.

”24 საათის” პირველი გვერდი - ”სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ იგი აშენებდა დემოკრატიას”/ქართული არჩევნები უცხოური მედიის თვალით”, ”ისტორიული არჩევნები/პოლიტიკური შეფასებები უცხოეთიდან”, ”პასუხისმგებლობით გამსჭვალული ოპოზიცია” და ”მომავალი მთავრობის პროექტი ჯერ მხოლოდ ივანიშვილმა იცის”. ”24 საათში” - და არამარტო ამ გაზეთში - დღეს წაიკითხავთ საქართველოს საგარეო ვალის ზრდის შესახებაც. ”საქართველოს საგარეო ვალი მხოლოდ აგვისტოში 122200000 დოლარით - 4 მილიარდ 290 მილიონ დოლარამდე გაიზარდა”, - წერს ”24 საათი”.

”რეზონანსი” კი წერს, რომ ”საერთაშორისო ბირჟებზე ქართული ფასიანი ქაღალდები უფასურდება/2 ოქტომბრიდან ევროობლიგაციებისა და ”საქართველოს ბანკის” აქციები თავქვე დაეშვა”. რესპონდენტთა უმრავლესობა ამ მოვლენას პოლიტიკურ არჩევნებს უკავშირებს.
XS
SM
MD
LG