Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 5 ოქტომბერი

  • ნიკო ნერგაძე

”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს ვალერი გელაშვილთან, რომელიც ამბობს, ”ჩემს კონკურენტს, ბაჩო ქიტიაშვილს, მერაბიშვილმა წიხლი ამოარტყა, გელაშვილმა არჩევნები არ მოიგოს, თორემ გაგანადგურებო”. ხაშურში ჩატარებულ არჩევნებს ”რეზონანსიც” ეხმიანება. გაზეთი წერს: ”როგორც ადგილზე გავარკვიეთ, სპეცრაზმის ფორმით შენიღბული იყო ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ბაჩო ქიტიაშვილი, მან არც შეზღუდული უნარის მქონე პირი თამაზ ესიკოვი დაინდო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ესიკოვმა მას ნიღაბი ჩამოაძრო!"

აქვე დღეს წაიკითხავთ სტატიას, სათაურით: ”ტარიფების რიგითობა: საწვავი, კომუნალური ტარიფები, მედიკამენტები, ტრანსპორტი”. გაზეთი წერს, რომ სწორედ ასეთი იქნება საფასო ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ”ქართული ოცნება” აპირებს ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ. გაზეთი განაგრძობს, ცვლილებები მოსალოდნელია აგრეთვე ფარმაცევტულ ბაზარზე და პირველადი მოხმარების პროდუქციაზეო. იმაზე, თუ როგორ აპირებს ”ოცნება” ამის მიღწევას, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იზორია, ესაუბრა ”რეზონანსს”: ”ბაზარზე მონოპოლია აღარ იარსებებს და კონკურენტიანი გარემო კომპანიებს იძულებულს გახდის მომსახურება გააიაფონო”.

ქართული გაზეთები დღეს ბევრს წერენ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ”საქართველოს რესპუბლიკას” პირველ გვერდზე გამოაქვს ბიძინა ივანიშვილის სიტყვები: ”ჩვენი გუნდიდან პარლამენტის დატოვება და მთავრობაში წასვლა ბევრს მოუწევსო”. ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს გია ხუხაშვილთან, რომელიც მომავალ მთავრობაში ერთი პოლიტიკოსის როლს, უფრო სწორად ამ როლის არარსებობას შეეხო. "მომავალ მინისტრთა კაბინეტში "დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ადგილი არ არის. ის"ქართული ოცნების" წევრი არ არის და მისთვის რამე თანამდებობის შეთავაზება გამორიცხულიაო", თქვა მან.

”ვერსია” აქვეყნებს მოზრდილ ინტერვიუს ირინა სარიშვილთან, რომელშიც ის, სხვა თემებთან ერთად, მომავალი მთავრობის გუნდზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ის დაკომპლექტდება აქამდე უცნობი, მაგრამ აქტიური ადამიანებით. ირინა სარიშვილი ამბობს: ”ბიძინა ივანიშვილის ჩვენთვის უცნობმა გუნდმა ციხის კადრებზე, სტუდენტური მოძრაობის აგორებაზე ისე ალალად და უსაყვედუროდ იმუშავა, რომ თავი არ გაუმჟღავნებია და არც ინფორმაციას გამოუჟონავს. ეს რაღაც კონკრეტული ჯგუფია, რომელიც პირადად ივანიშვილს ექვემდებარება და შესაძლოა მთავრობაც ამ ხალხით დაკომპლექტდესო”, - უთხრა ირინა სარიშვილმა „ვერსიას“.
XS
SM
MD
LG