Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: ინტერვიუში ჩემი განცხადება კონტექსტიდან იყო ამოღებული


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალ „ნიუ ტაიმსის“ ელექტრონულ ვერსიაში გამოქვეყნებული, საქართველოში მცხოვრებ სომხურ თემთან დაკავშირებული მისი სიტყვები - რომლებსაც უფლებადამცველებსა და მოქალაქეების ნაწილს შორის უკმაყოფილება მოჰყვა - კონტექსტიდან იყო ამოღებული. ივანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა სინაგოგასთან, სადაც ებრაულ თემთან შესახვედრად იყო მისული.

"რატომ ჩამოხვედი და რატომ მოხვედიო პოლიტიკაში. მე გავაკეთე განმარტება, რომ უცნაური ხალხი ვართ-მეთქი ქართველები. და მართლაც ასე მიმაჩნია. რომ შეიძლება ჩვენი სახელიც - "გეორგია" - მიწასთან კავშირი... ქართველები ვერ ახერხებენ ვერსად ფეხის მოიკიდონ. ამიტომაც არსად არ გვყავს დიასპორა. იქ გავიხსენე, რომ ებრაელების და სომხების მშურს-მეთქი - რომ ყველგან ახერხებენ და კოსმოპოლიტები არიან. ყველგან ახერხებენ დაფუძნებას და ცხოვრებას, სადაც კარგია. რასაც ვერ ახერხებს ქართველი. და ჩემი მაგალითი მოვიყვანე - მე ვერ მოვახერხე ეს. შემეძლო საფრანგეთში მეცხოვრა, ამერიკაშიც ვცხოვრობდი. მაგრამ რაც იქ წერია - მესიზმრებოდა ჩემი სოფელი..." - განაცხადა ივანიშვილმა.

განმარტება გავრცელდა ივანიშვილის ფეისბუკის გვერდზეც - „მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა. ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეს გახლავთ პირადად ჩემი მრწამსიც“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ივანიშვილის მხრიდან ახსნა-განმარტება ეხებოდა ჟურნალ "ნიუ ტაიმსის" ელექტრონულ ვერსიაში გამოქვეყნებულ ნაწყვეტს ინტერვიუდან. ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ დაბრუნდით საფრანგეთიდან სამშობლოშიო, ივანიშვილმა უპასუხა - "ჩვენ, ქართველები, ძალიან უცნაურები ვართ. ჩვენ მიჯაჭვულები ვართ ჩვენს მიწასთან. ასეთი ხასიათი გვაქვს. ჩვენთან, მაგალითად, ცხოვრობენ სომხები. მე კი გაოცებული ვარ - მათ სამშობლო გვერდით აქვთ, ისინი კი აქ ცხოვრობენ. თქვენთვის, ალბათ, ასეთი რამ არ არსებობს - ჩემთვის კი გაუგებარია. ვცხოვრობდი საფრანგეთში, ამერიკაში - მაგრამ მესიზმრებოდა ჩემი სოფელი, ჩემი მიწა“.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილს მკაფიო განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანმა საქართველომ“ და სახალხო დამცველთან არსებულმა ”ტოლერანტობის ცენტრმა”. „საქართველო არის სამშობლო ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენლისთვის. დაუშვებელია, ისეთი განცხადების გაკეთება, რომელიც ადამიანებს ეთნიკური თუ სხვა ნიშნით ყოფს და აკნინებს“, ნათქვამია ტოლერანტობის ცენტრის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG