Accessibility links

logo-print
მიმოხილვას ჟურნალებით დავიწყებ. ”ლიბერალში” ანა დოლიძე წერს: ”ძალადობრივ წარსულთან გამკლავებისა და დამშვიდობებისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე კონკრეტული პირების დაკავება ან მათი ხელშეუხებლად გამოცხადება. ერთხელ და სამუდამოდ ქართული საზოგადოება, მისთვის სანდო ადამიანების საშუალებით, საჯაროდ და მკაფიოდ უნდა დაემშვიდობოს ამ წარსულს. ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც წარსულთან დამოკიდებულება, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მაგივრად, ისტორიული სამართლიანობის პრინციპს დაეფუძნება”.

”ტაბულაში” დღეს კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”ფრაზას ”ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები” - შინაარსი არ გააჩნია. ეს იგივეა, თქვა, რომ ბენდუქიძემ კულულები უკან გადაიყარა. დიქტატურა არჩევნებით არ აგებს. ტირანია აგებს მხოლოდ რევოლუციით”, - ეუბნება ბენდუქიძე ”ტაბულას”. ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის შეფასებას ეთმობა. ბენდუქიძე ამბობს, რომ მისი ”ღირებულებები არის საბჭოთა”.

”ტაბულაში” დავით უსუფაშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ: ”უსაფრთხოების ქოლგა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მართლა უზრუნველვყოთ, და არა მისთვის, რომ მისი მოპოვების პროცესში ნახევარი საქართველო დავკარგოთ”.

ახალი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემის შეცვლის პერსპექტივით დაინტერესდა ”კვირის ქრონიკა”, რომელსაც ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი ეკა ბესელია ეუბნება: ”ფაქტია, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული, უკვე განთავისუფლდა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეებმა იგრძნეს პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება. რაც შეეხება მთლიანად სისტემურ ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს იუსტიციის საბჭოს ახალ ფორმირებას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი”.

”კვირის ქრონიკაში” დღეს ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება, სადაც ის ამბობს, რომ არ ესმის ის აჟიოტაჟი, რომელიც მის ახალ მთავრობაში ყოფნა-არყოფნის საკითხს უკავშირდება: ”მე მაქვს კითხვა - რატომ უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე ამ მთავრობაში?!”.

დღევანდელ პრესაში წაიკითხავთ პოლიტიკურ რისკებზეც. ”კვირის პალიტრას” კახი კახიშვილი ეუბნება, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” იქნება ძალიან ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც ექნება დიდი ფულიც და საინფორმაციო საშუალებებიც. ისინი პრობლემებს შეუქმნიან გამარჯვებულ ძალას”. კახიშვილის თქმით: ”ივანიშვილმა მოსახლეობა გაათავისუფლა ტირანიისგან და ახლა იმდენად უნდა გააკონტროლოს პროცესები, რომ კლანი კლანით არ შეიცვალოს”.

”კვირის პალიტრაშივე” ირაკლი მენაღარიშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ, სადაც ის რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის სირთულეზე ლაპარაკობს და გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ”მტკიცე ნერვები” აღმოაჩნდეს.

”რეზონანსი” ”ქართული ოცნების” გამარჯვებულ კანდიდატ თინა ხიდაშელთან ინტერვიუს აქვეყნებს. ხიდაშელი ამბობს, რომ პარლამენტიდან არსად წასვლას არ აპირებს. აგრეთვე აცხადებს, რომ კოალიცია ვერ ასცდებოდა მაჟორიტარების აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლას, რადგან, მისი თქმით, ”გუნდის ყველაზე ღირსეული წევრები სწორედ მაჟორიტარები იყვნენ”.

გაზეთი ”ვერსია”, გიორგი თარგამაძე: ”როგორც კი სააკაშვილსა და მის გუნდს არ ექნებათ მინისტრების პოსტები და გავლენები სხვადასხვა რესურსებზე, ”ნაცმოძრაობა” ხუხულასავით დაიშლება. ის ვერ ითამაშებს ”მეორე პოლუსის” - ძირითადი ოპოზიციური პარტიის - როლს. ეს ავტომატურად ხსნის რეალური, ჯანსაღი კონკურენტისთვის გზას. აი, აქ კი ქდმ ყველა კრიტერიუმით იქნება წამყვანი ოპოზიციური ჯგუფი”.

”დავით მირცხულავა ოთხწლიან დუმილს არღვევს”, - წერს ”ასავალ-დასავალი” და დავით მირცხულავასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. მირცხულავა ციხის ბუნტის ამბებს იხსენებს და აგრეთვე აღწერს პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რისი მოწმეც თავად გახდა. მისი თქმით, ციხის ბუნტის მაპროვოცირებელიც სწორედ პატიმართა წამება გახდა. დავით მირცხულავა ადასტურებს პატიმრების წამებაში ბაჩო ახალაიას მონაწილეობას: ”ციხის ბუნტის დროს დაიღუპა უამრავი ადამიანი. მათ შორის ბევრი იყო ისეთი, რომელთაც არც იცოდნენ, რა მოხდა. ქვედა სართულებში განლაგებულ საკნებში ხმა პრაქტიკულად არ ჩადის. არ მესმის, რატომ დახოცეს ამ საკნებში პატიმრები, როცა მათ ბუნტის ხმაც არ გაუგიათ?” - მირცხულავა იხსენებს, რომ პატიმრების უმრავლესობას ტყვიები ზურგში ჰქონდა მოხვედრილი.
XS
SM
MD
LG