Accessibility links

logo-print
რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის შეცვლის საკითხს არ განიხილავს, წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი“, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „რია ნოვოსტი“ კი, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, 9 ოქტომბრის განცხადებას ციტირებს. ”რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მეზობლებთან - მათ შორის, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან - ურთიერთობის ნორმალიზებას შეუდგება, თუმცა მოლაპარაკებები მათი სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით შეუძლებელია, რადგან ამ რესპუბლიკების ბედი მათმა ხალხმა გადაწყვიტა”, განაცხადა სერგეი ლავროვმაო, წერს „კომერსანტი“.

„იზვესტია“ კი 9 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, როგორც „იზვესტია“ წერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის შემდგარ შეხვედრას ისტორიულს უწოდებს. სტატიის ავტორი წერს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცედურასთან ერთად პრეზიდენტი სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას, არჩევნებში მარცხის მიუხედავად. ამის დასტურად „იზვესტიას“, პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ბრძანებები მოჰყავს, რომელთა მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც მალე ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, გამოეცლება "სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს" მართვის უფლება და მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გააკონტროლებს. ეს უწყება იქნება კურატორი „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსიც”, რომელიც აქამდე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. როგორც „იზვესტიასთან“ საუბარში ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ახალ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობის კანდიდატი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ამ ცვლილებით ”სააკაშვილი ისწრაფის საკუთარი უსაფრთხობის გარანტირებას მის ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმებით“, თუმცა სესიაშვილი იქვე შენიშნავს, ”დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზიდენტის მოქმედებას, მათ შორის, მის ხარჯებს, მთავრობა და პარლამენტი გააკონტროლებსო”.

„იზვესტია“, პრეზიდენტ სააკაშვილის წრის წარმომადგენელზე დაყრდნობით, წერს, რომ სააკაშვილი ამ სამსახურებს ოპოზიციას არასოდეს დაუთმობს. ”სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის სახელმწიფო სააგენტო 2004 წელს შეიქმნა, ის შეიქმნა როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 2005-2006 წლებში ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა. სწორედ 2004 წელს, როცა ეს უწყება ზენიტში იყო და მისი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი სრულიად საქართველოს რუხი კარდინალი იყო, მას ევალებოდა არასასურველი პირების თვალთვალი.”

სააგენტოს ამოცანა იყო ინფორმაციის მიღება, გავრცელება და გადამუშავება ქვეყანაში მიმდინარე განსაკუთრებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამას გარდა, სააგენტო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკურ ასპექტებს და თავად სისტემის დაცვას უზრუნველყოფს, ანუ როგორც „იზვესტიას“ წყარო ეუბნება, ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში.

„ნოვაია გაზეტა“ კი იულია ლატინინას საავტორო სვეტს სთავაზობს მკითხველს. ლატინინა იმ სამ რეფორმაზე წერს, რომელიც რუსეთისთვისაა აუცილებელი. ავტორი წერს, რომ რუსეთის ფუნდამენტური პრობლემა არა პუტინი, არამედ საზოგადოების მდგომარეობაა, საზოგადოებისა, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა პუტინი, და ნებისმიერი მმართველი, რომელიც ხელისუფლებაში სხვადასხვა გზით მოვა, კვლავ პუტინად იქცევა. იმისათვის, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოების ფსიქოლოგია შეიცვალოს, ლატინინა სამ უმთავრეს რეფორმას მიიჩნევს აუცილებლად და ამ რეფორმების ნაწილი არის ის, რაც საქართველოში უკვე განხორციელდა. უპირველესად, ეს არის სახელმწიფო ჩინოვნიკების რადიკალური შემცირება და ძალოვანების წმენდა. ეს ძალიან მარტივი რეფორმაა, რომლის განხორციელებაც ძალზე რთულია, წერს „ნოვაია გაზეტაში“ იულია ლატინინა. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასევე სახელმწიფო მოხელეთა წამახალისებელი პრემიების გაცემას და საარჩევნო უფლების რეფორმას.
XS
SM
MD
LG