Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 9 ოქტომბერი

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული პრესა ყველაზე მეტ ადგილს მინისტრობის ახალი კანდიდატების განხილვას უთმობს, მოწინავე სტატიების დიდი ნაწილიც სწორედ მათ განხილვას ეძღვნება. ”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უკან მინისტრობის ახალი კანდიდატები უდგანან. ამ ფოტოს კი თან ახლავს წარწერა: ”ჟამი ოცნების ახდენისა”. ”რეზონანსი“ თავის სტატიას ასე ასათაურებს: ”ოცნების მინისტრები”. გაზეთს ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ უთხრა, ახალი მთავრობისთვის 6 თვე ე.წ. "თაფლობის თვეა", მანამდე რამე დასკვნების გამოტანა ნაადრევიაო, თუმცა თავად ისიც და სხვებიც ამავე პუბლიკაციაში ცდილობენ განიხილონ, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო თითოეულ თანამდებობაზე ამა თუ იმ კანდიდატის წარდგენა. ”ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა, პირველ რიგში, იმაზე, რამდენად სანდო ადამიანები ჰყავს მინისტრთა კაბინეტში და ამის შემდეგ დააყენა პროფესიონალიზმი. ძალთა ბალანსი დაიცვა, თუმცა მის რამდენიმე სვლას ლოგიკურს ვერ ვუწოდებ. მაგალითად, რეგიონალური განვითარების მინისტრად კახი კალაძის დანიშვნაო”, - უთხრა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსს”. ექსპერტმა კახი კახიშვილმა კი კალაძეზე ასე თქვა: ”არ ვიცი, მინისტრად მუშაობას რამდენად შეძლებს, მაგრამ, ალბათ, ეყოლება მოადგილეები, რომლებიც სამინისტროს გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენო".

”ალიას“ დღევანდელი ნომერი თითქმის მთლიანად მინისტრობის კანდიდატებს ეძღვნება - გაზეთი არაერთ მათგანთან ინტერვიუს აქვეყნებს. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გაზეთი ელაპარაკა იმაზე, თუ როგორ აპირებს ის რუსეთთან ურთიერთობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს - თუ როდის დაიწყება იაფი კრედიტების გაცემა, გენერალური პროკურორობის კანდიდატს კი იმაზე, აღძრავს თუ არა მთავარი პროკურატურა საქმეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. - არჩილ კბილაშვილი პასუხობს : „არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმები და თუ სააკაშვილს რამე დანაშაული დაუმტკიცდა, ამოქმედდება შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებიო”.

”ახალი თაობა” კი აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების რეაქციებს განიხილავს. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, გოგა ხაჩიძის ”ფეისბუკზე” დაწერილ ფრაზას: ”არ გინდოდათ ჩემი დოლი? ჩეიდევით ავტოგოლი”. გაზეთი წერს, ყველამ ვიცით, რომ ხაჩიძე უკრავს და მას დაკვრა არც მაშინ შეუწყვეტია, როცა ხანძარმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტყე გაანადგურაო”. ”ახალი თაობა“ დასძენს: ”კალაძეს, ალბათ, ავტოგოლებზე სანერვიულოდ აღარ სცალია, აწი მან ბურთის ნაცვლად ასფალტს და ხრეშს უნდა სდიოსო”.
XS
SM
MD
LG