Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ყოველთვის გვამოძრავებდა მხოლოდ ხალხის ინტერესები


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესს უწოდა ისტორიული და განაცხადა, რომ რეგიონში პირველად ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციის მშვიდობიანად და დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პატივს სცემენ არჩევანს ქართველი ხალხისა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს განსაზღვრავს და კვლავ გაიმეორა, რომ მოქმედ ხელისუფლებასა და არჩევნებში გამარჯვებულ კოალციას შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ბევრ პოლიტიკურ და ეროვნულ საკითხში. ”მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება და მე, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მოხდეს ექსცესების გარეშე და ქართველი ხალხის და დემოკრატიული პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების ინტერესთა გათვალისწინებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე თქმით, დემოკრატია უნდა გაძლიერდეს და ქართველ ხალხს უკეთესი პერსპექტივა შეექმნას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველთვის ამოძრავებდა მხოლოდ ხალხის ინტერესები და ასე დარჩება მისი და თანამოაზრეების უახლოესი წლების მოღვაწეობაში. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ხალხის მიერ ბევრი რამის დანახვას და გაანალიზებას დრო სჭირდება, მანამდე კი ყველა კონცენტრირებული უნდა იყოს ქვეყნის მომავალსა და კეთილდღეობაზე. პრეზიდენტის თქმით, მთავარია, რომ ხერხდება პროცესის სწორად წარმართვა სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოში. ”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ როგორც მოქალაქეები და პოლიტიკოსები”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და წარმატება ხალხს უსურვა.
XS
SM
MD
LG