Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 12 ოქტომბერი


”რეზონანსი” წერს, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა ინგრევა. პარლამენტის შენობაში მყოფ ადამიანებს გაზეთისთვის უთქვამთ, რომ ” მოულოდნელად გაიბზარა სამმეტრიანი მინა და მათ მიაჩნიათ, რომ შენობა იმდენად ავარიულია, რომ შესვლაც არ შეიძლება. მათ ეჭვი აქვთ, რომ შენობა დაბლა იწევს და სწორედ ამის გამო გაიბზარა ფანჯარა. გარდა ამისა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ შენობა მთლიანად დაბზარულია და ეს ბზარები იმხელაა, რომ ადვილი შესაძლებელია ნებისმიერ წუთს კედელი ჩამოიშალოს და მინები დაიმსხვრეს”, - წერს ”რეზონანსი”.

დღევანდელი პრესა თბილისის მერის მიერ ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის შექმნის შესახებ ბრძანების გამოცემას ეხმაურება. ”ვერსიისთვის” ექსპერტს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ლევან ალაფიშვილს უთქვამს, რომ ”მერიის ეს ბრძანება კანონგარეშეა, შესაბამისად, დასაბუთების პროცესი ძალიან მძიმედ წარმომიდგენიაო”. კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა კი ”ვერსიას” უთხრა: ”დიდი იმედი მაქვს, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, თბილისის საკრებულოს ერთხელ მაინც აღმოაჩნდება პოლიტიკური უნარი და გამბედაობა, უარი უთხრას უგულავას, რომელიც მას პირდაპირ კანონის დამრღვევ და უფლებამოსილების გადამმეტებელ აქტს სთავაზობსო”.

”24 საათი” ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ გოკა გაბაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. გაბაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ბედი ”საბოლოოდ მაინც ციხის სკანდალმა გადაწყვიტა”. შეკითხვას: ”თქვენი გუნდიდან ბევრმა აღიარა, რომ ციხეში არსებული პრობლემების შესახებ იცოდა. თქვენ თუ იცოდით და რას აკეთებდით ამის აღმოსაფხვრელადო”, გოკა გაბაშვილი პასუხობს: ”რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, მაგრამ ამ მასშტაბის არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე ინფორმაცია არ გამოდიოდა. ფაქტია, ეს იყო ციხის აბსოლუტურად არასწორი მართვა და სისტემური ჩავარდნა. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ორმა მინისტრმა აიღო, ხოლო არჩევნებზე ხალხმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთელ ”ნაციონალურ მოძრაობას” დააკისრა”, - აცხადებს გოკა გაბაშვილი ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”24 საათის” ”უიკენდში” ქვეყნდება ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან: ”მე არ მეგონა, რომ ჩვენი საზოგადოება მზად იყო გადაერჩია ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ცვლილებები სურდა”. ამავე გაზეთს რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ეუბნება: ”ასეთი არჩევნები საქართველოში არ ყოფილა. ყოფილა ამაზე პატიოსანი არჩევნებიც, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის ამაზე წარმატებულიც, მაგრამ იმ არჩევნების შემდეგ საზოგადოება რჩებოდა მტრებად და მეგობრებად. ამ არჩევნების შემდეგ ასეთი რამ არ მოხდა. ეს იყო იმის პირველი ნიშანი, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ - საქართველო არათუ ევროპის ნაწილია, არამედ ევროპა უკვე აქ არის”.

დღეს გამოვიდა ჟურნალი ”არსენალი”. ერთ-ერთი სტატიის სათაურია - ”რისთვის სცემდა თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცებს...”. ავტორი წერს: ”არ იქნება მართებული, თუ ვიტყვით, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს დაიწყო. ასე იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ჯარისკაცებზე ზეწოლამ პიკს სწორედ მისი მინისტრობისას მიაღწია. ნანა კაკაბაძემ, თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, მოგვაწოდა მესიჯები, რომელიც ჯარისკაცებმა მას ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს გაუგზავნეს. სამხედროები შველას ითხოვდნენ”, წერს ”არსენალის” ავტორი და მკითხველს ამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და რამდენიმე სამხედრო პირთან მოკლე ინტერვიუებს სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ახალაიას თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ჯარისკაცების ცემის შემთხვევები შემცირდა: ”უბრალოდ, ის მეთაურობა, ვინც შეეჩვია ჯარისკაცების ცემას, ჩვეულებას იქამდე ვერ ღალატობდა, სანამ ციხეზე ვიდეოფირი არ გავრცელდა. ამის შემდეგ ძალიან ”ხავერდოვნები” გახდნენო”, ეუბნება ”არსენალს” ერთ-ერთი რესპონდენტი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG