Accessibility links

logo-print

დღეს გაიმართა ეკა ზღულაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა


დღეს გაიმართა შს-თა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის და მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. ისინი ერთმანეთს არა სამინისტროს შენობაში, არამედ სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” შეხვდნენ. ამ ფაქტს ეკა ზღულაძემ ”პატივისცემის ჟესტი”უწოდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამინისტრო ეფუძნება გარკვეულ იერარქიას და ამიტომ სხვაგან შეხვედრა ორივე მხრიდან კეთილგანწყობის გამოხატულებაა. ზღულაძის თქმით, ”ძალიან შინაარსიანი” საუბრისას დეტალურად განიხილებოდა სამინისტროს სტრუქტურა, ბიუჯეტი, წარმატებები და პრობლემები. ”რაც მთავარია ვთანხმდებით უმნიშვნელოვანესზე, რომ შსს-ს როლი სახელმწიფოს წინაშე ძალიან დიდია და ეს პასუხისმგებლობა დარჩება”, - განაცხადა ეკა ზღულაძემ და დასძინა, რომ პირველ ყოვლისა გულისხმობს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ქვეყანაში ”ოდნავ მომატებულია ძალადობრივი დანაშაული, მაგრამ ეს არ არის ამოვარდნილი საერთო სტატისტიკიდან.” ამასთან, ზღულაძემ აღნიშნა, რომ არიან ადამიანები და შესაძლოა, ჯგუფებიც, რომლებსაც სურთ ხელისუფლების გადაბარების პროცესი გამოიყენონ და სახელმწიფოს ”რაღაც გამოცდები ჩაუტარონ,” თუმცა ამ საკითხისადმი როგორც მისი, ასევე მომავალი მინისტრის პოზიცია იდენტურია და პოლიცია მუშაობას გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG