Accessibility links

ევროკავშირის მინისტერიალზე საქართველოზეც მსჯელობენ


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ლუქსემბურგში იმართება, განიხილავენ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსაც. ამის შესახებ ეშტონმა დღეს, შეხვედრის დაწყებამდე უთხრა ჟურნალისტებს: „ჩვენ ვიმსჯელებეთ არჩევნებზე საქართველოში. მე უკვე ვესაუბრე ბატონ ივანიშვილსა და ბატონ სააკაშვილს. ჩვენ მათგან მოველით ერთმანეთთან თანამშრომლობას და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელებას, რასაც, როგორც ორივემ მითხრა, ისინი მტკიცედ ემხრობიან“. საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეშტონმა ევროკომისარ შტეფან ფიულესთან ერთად გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამარჯვებას ულოცავენ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და გამოთქვამენ შეფასებას, რომ არჩევნების „ზოგადად პოზიტიურად ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას მისი დემოკრატიული კურსის მიმართ“.
XS
SM
MD
LG