Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა მინისტრობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი


კოალიცია ”ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაასახელა მისი მომავალი მთავრობის წევრობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე თავდაპირველად დასახელებული კახა კალაძის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა დავით ნარმანია, ხოლო კალაძე ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად. ივანიშვილმა განმარტა, რომ სამომავლოდ ენერგეტიკის სამინისტროს აღარ ექნება ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია, რომელიც გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს. მას სამომავლოდ ასევე გადაეცემა ინფრასტრუქტურა და ცალკე ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამსახური, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. შესაბამისად, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუქმდება, რის შემდეგაც მინისტრობის კანდიდატად დღეს დასახელებული დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნება. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი. კოალიციის ლიდერმა განათლების მინისტრობის კანდიდატად დაასახელა გიორგი მარგველაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძე და გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ხათუნა გოგალაძე. შეიცვალა მინისტრის თანამდებობაზე 8 ოქტომბერს წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად ამირან გამყრელიძის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა პროფესიით ექიმი დავით სერგიენკო დაასახელა.
XS
SM
MD
LG