Accessibility links

logo-print
”რეზონანსი” წერს ტელეკომპანიებისთვის დაგროვილი დავალიანებების ჩამოწერის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე. ”რეზონანსისთვის” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიაექსპერტ მამუკა ანდღულაძეს უთქვამს: ”იმ ფონზე, როდესაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმედღიანი ინტერვალებით ტელეკომპანიებში აქციების გაყიდვა-გადაფორმება მოხდა, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება სწორედ ამ ტელეკომპანიებისთვის იყოსო”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ ”მძიმედ დაავადებული პატიმრები მედიკამენტების მოთხოვნით შიმშილობენ”. კონკრეტული პატიმრების შესახებ ინფორმაციას გაზეთს ადვოკატები და უფლებადამცველები აწვდიან. ”რეზონანსი” აქვეყნებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, ”პატიმართა მოთხოვნები განსხვავებულია და უკავშირდება როგორც მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე მათ ჯანმრთელობას და სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენის მოთხოვნას. ამავდროულად, ერთი პატიმარი შიმშილობს სხვა მოშიმშილე პატიმრისადმი სოლიდარობის ნიშნად”. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ”რეზონანსს” უთხრა, რომ „დაავადებულებთან ერთად არიან ჯანმრთელი პატიმრებიც, რომელთა უმრავლესობაც ავადდება და სასჯელაღსრულების სამინისტრო მათ მკურნალობას ვერ აუდის”.

”ოპოზიციური ”ნაციონალური მოძრაობა” ძველ გენერალურ მდივანს იბრუნებს” – ”24 საათში” ქვეყნდება ეს სტატია. ”ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში დამარცხების მიზეზებზე დავით დარჩიაშვილს უთქვამს ”24 საათისთვის”: ”პარტიის ძირითადი ბირთვი ხელისუფლებაში იყო გადასული. მათთვის მთავარ საქმეს სამინისტროები და საკანონმდებლო საქმიანობა წარმოადგენდა. პარტია როდესაც მმართველია, ძირითად ენერგიას სახელმწიფოებრივ საქმიანობას ახმარს და პარტიულ მუშაობას ნაკლები ყურადღება ეთმობაო”.

”ალია” წერს: ”ამერიკამ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ზურგი აქცია და ამიტომაც ისინი რუსეთის მიმართულებით გააქტიურდნენ”. ავტორი ასევე ვარაუდობს: ”გამორიცხული არაა, რომ რუსეთის დახმარებით ივანიშვილის წინააღმდეგ რევანში წამოიწყონ. არის ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია შეტევა რამდენიმე მიმართულებით. როგორც კი მთავრობა დამტკიცდება, კერძოდ კი, სოზარ სუბარის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, მოხდება ციხის ბუნტი. ეს კი ნიშნავს, რომ ციხეში შევა სპეცრაზმი და სოზარს მიაკერებენ ახალაიას იარლიყს. ”ალიას” წყაროს ინფორმაციით, პანკისში გივი თარგამაძეს შემოყვანილი ჰყავს ვაჰაბიტები. ეს გამოიწვევს პანკისის ხეობის აფეთქებას, რასაც შეიძლება რუსეთის შემოსვლა მოჰყვეს წესრიგის დამყარების მიზნით”. – ”ალიას” ავტორის პროგნოზები ამით არ სრულდება.

”ალიას” უცხადებს ადვოკატთა ასოციაციიის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი: ”პირდაპირ ვაცხადებ - უკლებლივ ყველა მოსამართლე თუ არ დაისაჯა და არ განთავისუფლდა სამსახურიდან, გამოვა ის, რომ ერთმა რეჟიმმა მეორე შეცვალაო”. ”ალიასვე” ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე, ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი იძულებული იქნება დეკემბრამდე გადადგეს.

ამასვე ამბობს ის ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. გაზეთი აშუქებს მოძრაობა ”ეროვნულების” წარმომადგენლის, სანდრო ბრეგაძის პრესკონფერენციასაც. ის აცხადებს, რომ გუბერნატორები, გამგებლები და მერები ”გეგმავენ, თავიანთ ხელმძღვანელობასთან ერთად, ყველანაირად ხელი შეუშალონ ახალი მთავრობის მუშაობას ადგილზე, რეგიონებში”. ”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ყურადღებას იქცევს ინტერვიუს სათაური - ”საქართველოში გამომცხვარი პური ჯანმრთელობისთვის საშიშია!”. რესპონდენტი, ეკონომიკის ექსპერტი ანზორ აბრალავა, ამბობს: ”ნახეთ, რა ფასებია ნავთობზე, წამლებზე. პროდუქციის ხარისხი ნახეთ, ქართული პური იჭმევა საერთოდ?! ადამიანები ამ პურის ჭამით ავად ხდებიან და მერე ამ ”ავერსის” და სხვა კლინიკების ხელში ხვდებიან”.

”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბადრი შავლიძე ამბობს, რომ ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევა მას ედება ბრალად: ”ყველა სტრუქტურა გვერდზე გადგა, მთავარ დამნაშავედ კი ხელვაჩაურის გამგეობა დარჩა. დღესაც კი ამ ეკლესიის დანგრევაში ფიგურირებს ჩემი გვარი. ეს კი ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია”, - ეუბნება ”საქართველოს რესპუბლიკას” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბადრი შავლიძე.
XS
SM
MD
LG