Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე


თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი, რომელიც დღეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. მისი ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა და ერიკ რუბინმა ისაუბრეს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ადმინისტრაციის ცნობითვე, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ერთგულება დემოკრატიული კურსისადმი, რომლის განმტკიცებისთვის უმნიშვნელოვანესია როგორც საარჩევნო, ისე ამჟამად მიმდინარე პროცესები. ”თქვენი პირადი დამსახურებაა, რომ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა ის, რაც საქართველოში ხდება. ახლახან ვიყავი ჟენევის მოლაპარაკებებზე და რუსული მხარეც და სეპარატისტებიც არჩევნების პროცესით დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილს ერიკ რუბინმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მიხეილ სააკაშვილს გადასცა აშშ-ის პრეზიდენტის წერილი, რომელშიც საუბარია არჩევნების მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. დღესვე ერიკ რუბინი შეხვდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი. ”ქართული ოცნების” ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ერიკ რუბინმა და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
XS
SM
MD
LG