Accessibility links

logo-print

”იმედში” იმყოფებოდნენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები


დღეს ტელერადიოკომპანია ”იმედში” იმყოფებოდნენ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, რომლებმაც არხის დაბრუნების შესახებ 16 ოქტომბერს საღამოს განაცხადეს. როგორც თავად ”იმედი” იუწყება, პატარკაციშვილის ოჯახისთვის კომპანიის გადაცემის პროცესი დაწყებულია და ახალი მენეჯმენტი მართვას უახლოეს ხანში შეუდგება. ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე და გარდაცვლილი ბიზნესმენის დები მზია თორთლაძე და ნანა პატარკაციშვილი დღეს შეხვდნენ ”იმედის” უკვე ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს, მანამდე კი ტელერადიოკომპანიის თანამშრომლებს ინა გუდავაძემ განუცხადა, რომ არხი კვლავ გახდება დაბალანსებული, ობიექტური და თავისუფალი. გუდავაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ტელერადიოკომპანიას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დააფინანსებს, ”იმედის” მართვის საკითხების საბოლოოდ გადაწყვეტას კი გარკვეული დრო დასჭირდება. შეკითხვას, არსებობენ თუ არა ადამიანები, რომლებმაც ”იმედში” აღარ უნდა იმუშაონ, ინა გუდავაძემ უპასუხა, რომ ”ამას ალბათ თავად მიხვდება ხალხი, რომელიც სწორად არ იქცეოდა.” ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმითაც, თუ როგორ დაიბრუნეს პატარკაციშვილებმა ტელერადიოკომპანია, თუმცა გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ყველაფერი უცბად მოხდა და ამ და სხვა თემებზე დეტალურად საუბარს მედიას მოგვიანებით დაპირდნენ.
XS
SM
MD
LG