Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედმა" შეაჩერა საინფორმაციო მაუწყებლობა


ტელე და რადიო "იმედმა" საინფორმაციო მაუწყებლობა შეაჩერეს. ამის შესახებ გამოაცხადეს ოთხშაბათს, საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკის" 17-საათიან გამოშვებაში. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ საინფორმაციო პროგრამების მაუწყებლობა განახლდება ახალი მენეჯმენტისათვის "იმედის" გადაბარების შემდეგ. ოთხშაბათს, უფრო ადრე, ტელეკომპანია "იმედში" მივიდნენ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილი ოჯახის წევრები, რომლებმაც სამშაბათს საღამოს განაცხადეს, რომ იბრუნებენ არხს. თავად ”იმედის” ცნობით, პატარკაციშვილის ოჯახისთვის კომპანიის გადაცემის პროცესი დაწყებულია და ახალი მენეჯმენტი უახლოეს ხანში შეუდგება მართვას. ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე და გარდაცვლილი ბიზნესმენის დები მზია თორთლაძე და ნანა პატარკაციშვილი დღეს შეხვდნენ ”იმედის” უკვე ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს, დღესვე გუდავაძემ ტელერადიოკომპანიის თანამშრომლებს უთხრა, რომ არხი კვლავ გახდება "დაბალანსებული, ობიექტური და თავისუფალი". გუდავაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ტელერადიოკომპანიას დააფინანსებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ”იმედის” მართვის საკითხების საბოლოოდ გადაწყვეტას კი გარკვეული დრო დასჭირდება.
XS
SM
MD
LG