Accessibility links

logo-print

მერკელი ემხრობა ევროკავშირის მეტ გავლენას ეროვნულ ბიუჯეტებზე


გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა დღეს გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს მეტი გავლენა მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტებზე, არასასურველი გადაწყვეტილებების დასაბლოკად. მერკელის ეს, გერმანიის პარლამენტში გაკეთებული განცხადება, წინ უსწრებს ევროკავშირის სამიტს, რომელიც დღეს იწყება ბრიუსელში. კანცლერის აზრით, ევროკომისარს ეკონომიკის საკითხებში უნდა შეეძლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბიუჯეტის „გაუქმებულად“ გამოცხადება. „ჩვენი აზრია - და ამას ვამბობ გერმანიის მთელი ფედერალური მთავრობის სახელით, რომ შევძლებთ დიდი ნაბიჯის წინ გადადგმას, თუ ევროპას მივცემთ რეალურ ძალას, ჩაერიოს ეროვნულ ბიუჯეტებში, როცა გადაილახება სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ პაქტით შეთანხმებული ზღვრები“, განაცხადა მერკელმა. ევროკავშირის ორდღიან სამიტზე იმსჯელებენ ვალებით გამოწვეულ კრიზისზე და ყურადღებას გაამახვილებენ ევროზონაში საბანკო კავშირის შექმნისაკენ მიმართულ ძალისხმევაზე. ევროკავშირის ლიდერები უკვე 22-ე სამიტზე იკრიბებიან საბერძნეთში 2009 წლის ბოლოს კრიზისის დაწყების შემდეგ. საკუთრივ საბერძნეთი ამჟამად პარალიზებულია 24-საათიანი გენერალური გაფიცვით, რომელიც ოქტომბერში მეორედ ეწყობა კრიზისით გამოწვეული მომჭირნეობის ზომების გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG