Accessibility links

იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის დისშვილმა ”მეცხრე არხის” შემდეგ გაზეთ ”რეზონანსს” მისცა ინტერვიუ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. ის ამბობს, რომ ”სპეცოპერაცია იყო მხოლოდ პოლიტიკური რეკლამა და სხვა არაფერი”. უმარ იდიგოვი ”რეზონანსის” კორესპონდენტს უყვება, რომ ჩეჩენ ახალგაზრდებს ”ქართული მხარე შეჰპირდა ჩეჩნეთში გადაყვანას. სპეციალურად ამისთვის მისცეს იარაღი, მერე კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს. სროლაც აუტეხეს... ქართული მხრიდან დაიღუპა 12 კაცი. მათ შორის, ექიმი და მეგზური ოფიცერი, რომლებიც მათ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გამოაყოლეს, თვითონვე მოკლეს, რომ მოწმე არ დარჩენილიყო”. უმარ იდიგოვი აცხადებს: ”ადამიანები დახოცეს წინასაარჩევნო პიარისთვის!”.

”რეზონანსშივე”, გაზეთის ორ გვერდზე, დღეს მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელ ირმა ინაშვილის ვრცელი წერილი ქვეყნდება, სათაურით ”შურისძიება ”ობიექტივზე””. ინაშვილი ჰყვება ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებისა და აგრეთვე ვლადიმერ ბედუკაძესთან ”ობიექტივის” ურთიერთობის ისტორიას. ის ცდილობს ახსნას მიზეზები, რის გამოც ბედუკაძე ახლა ”ობიექტივის” წინააღმდეგ გამოდის. ირმა ინაშვილი წერს: ”სააკაშვილი-მერაბიშვილის ერთობა დაინტერესებულია ბელგიის სარჩელიდან ”ჩაიხსნას” მოწმე ბედუკაძე. თუ ბედუკაძე აღარ იქნება მოწმე, სააკაშვილი გაურკვეველი ვადით გადაურჩება პასუხისგებაში მიცემას”.

”ძველი მინისტრი სისტემას განახლებულს დატოვებს” – ”24 საათი” წერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის - გიორგი ტუღუშის მიერ სისტემის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდაზე. სტატიაში არის ამონარიდი ტუღუშის განცხადებიდან: ”ჩვენი მიზანია, რომ ახალ ხელმძღვანელობას უწყება ნორმალურ ვითარებაში გადავაბაროთო”.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი თვლის, რომ ტუღუშის მიერ პოსტიდან წასვლამდე თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა ”არაეთიკურია, რადგანაც ესეც, წესით, ახალ მინისტრს უნდა გაეკეთებინა”. ნიკოლაიშვილი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში გიორგი ტუღუშს ციხეებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის მქონე პირთა 51-კაციანი სიის ახალი მინისტრის მოსვლამდე დამტკიცებასაც უწუნებს. ნიკოლაიშვილი აგრეთვე თვლის, რომ 51-კაციან სიაში, ინტერესთა კონფლიქტის გამო, ყველაზე ცოტა ადვოკატი უნდა ყოფილიყო.
”ალიაშივე” ქვეყნდება პატიმარი ქალების ღია წერილი ბიძინა ივანიშვილისადმი: ”ციხეებს ბოლომდე რომ არ გააღებთ და დაცლით, გასაგებია და შეგუებულებიც ვართ, მაგრამ რას ნიშნავს ფართომასშტაბიანი ამნისტია? თითიდან გამოწოვილი რეზულტატი, ალბათ! განთავისუფლდებიან, ალბათ, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის დაპატიმრებულები, რომლებიც საერთოდ არც იყვნენ დასაჭერი და რიცხობრივად 15%-საც არ აღემატებიან. რა უნდა გვიყოთ 85%-ს? ვაითუ, ჩვენი ოცნება მხოლოდ ოცნებად რჩება და რეალობად არასდროს იქცევა!”.

”ყინწვისის მონასტერში დაკავებულები შველას ითხოვენ” – ”ახალი თაობა” წერს ე.წ. ”ყინწვისის საქმის” შედეგად 2011 წლის 26 მაისს დაკავებული 24 მსჯავრდებულის მოლოდინზე, რომ ისინი გათავისუფლდებიან და რეაბილიტირებული იქნებიან. ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ზურა გელაშვილის შვილის, თათია გელაშვილის მონათხრობსაც გაეცნობით: ”მამა ყინწვისის მონასტერში შეუფერებელ დროს აღმოჩნდა. მონასტერში მეგობარს გაჰყვა, რომელსაც მანქანა სჭირდებოდა მრევლის წასაყვანადო”, ჰყვება თათია გელაშვილი. ”ახალი თაობა” წერს, რომ 19 ოქტომბერს ”ყინწვისის საქმეზე” დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები გლდანის ციხესთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, ამ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.

”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე ქვეყნდება რამდენიმე პროფესორის მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი: ”მიგვაჩნია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს; უნდა აღდგეს მისი ტრადიციული სახე, როლი და მნიშვნელობაო”, ნათქვამია მიმართვაში, რომლის ავტორები თვლიან, რომ უნდა შეიქმნას ”თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროებითი მმართველობა, რომელიც დეტალურად შეისწავლის და ობიექტურად შეაფასებს არსებულ ვითარებას; შეიმუშავებს უნივერსიტეტის გადარჩენისა და განვითარების გზებს; მოამზადებს საფუძველს უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის მოსაპოვებლად”.
XS
SM
MD
LG