Accessibility links

logo-print

ათენში მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის


ათენიდან გავრცელებული ცნობებით, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც იმართება საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვის ფონზე. ათენის ცენტრში ახალგაზრდებმა აალებადი ყუმბარები და ქვები დაუშინეს პოლიციელებს, რომლებმაც ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების ამ ნაწილის დასაშლელად. საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში, ათასობით ადამიანი ჩაერთო გამოსვლებში მომჭირნეობის მკაცრი ზომების, ხელფასებისა და პენსიების მორიგი შემცირების გასაპროტესტებლად. 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ ეწყობა. ათენის ცენტრი დაცარიელებულია, რადგან კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების უმრავლესობამ შეწყვიტა მუშაობა. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. გაფიცულებს შორის არის ათენის მკვიდრი პეტროსიც, საჯარო მოსამსახურე: „მე შევუერთდი გაფიცვას და მჯერა, რომ ეს, მომჭირნეობის ზომები მეტისმეტად მძიმე ტვირთად აწევს ბერძენ ხალხს. და ჩემი აზრით, ხალხსაც ეკუთვნის სიტყვა ამ საკითხებზე“. გაფიცვა ეწყობა საბერძნეთის ორი წამყვანი პროფკავშირული ორგანიზაციის მოწოდებით. საბერძნეთი ემზადება 11,5 მილიარდი ევროს დასაზოგად, რასაც მისგან მოითხოვენ ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სამეულის ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე, საბერძნეთი ვერ მიიღებს მორიგ ტრანშს საერთაშორისო ფინანსურ დახმარებიდან, რომელიც 130 მილიარდ ევროს მოიცავს.
XS
SM
MD
LG