Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევ პონომარიოვი: სკანდალური ვიდეოჩანაწერი, შესაძლოა, თავად გივი თარგამაძეს ეკუთვნოდეს


„ჩემი პირადი ვერსიით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ქართველების მიერაა გაკეთებული", - განაცხადა 18 ოქტომბერს ცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა, სახელმწიფო სათათბიროს წევრმა „სამართლიანი რუსეთიდან“ ლევ პონომარიოვმა. სკანდალური ფარული ვიდეოჩანაწერები, რომელზეც რუსეთის ოპოზიციური "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვისა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გივი თარგამაძის კონსპირაციული შეხვედრაა ჩაწერილი, ოქტომბრის დასაწყისში რუსული ტელეკომპანია „ენტევეს“ დოკუმენტურ ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ში მოხვდა. ფილმის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ უდალცოვი და რამდენიმე რუსი ოპოზიციონერი, უცხოეთიდან მიღებული ფულითა და ინსტრუქციებით, ძალადობრივი გზით აპირებდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ფილმში ნაჩვენებია ფარულად გადაღებული კადრები, რომლის თანახმად, უდალცოვი ინსტრუქციებს იღებდა გივი თარგამაძისგან. ლევ პონომარიოვის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრის კადრები თავად თარგამაძეს ან მის მეგობრებს გადაეღოთ. „თარგამაძეს ბევრი სისხლის სამართლის საქმე ელოდება საქართველოში და მას რაღაცნაირად სჭირდება რეაბილიტაცია რუსეთის სპეცსამსახურების თვალში, რათა მასზე არ იყოს ერთობლივი დევნა რუსეთისა და საქართველოს მხრიდან,“ - განაცხადა პონომარიოვმა რუსეთის ინტერნეტ-ტელევიზია „დოჟდთან“ ინტერვიუში. ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ის საფუძველზე რუსეთის მოძრაობა ”მემარცხენე ფრონტის” კოორდინატორის სერგეი უდალცოვისა და კიდევ ორი ოპოზიციონერის ლეონიდ რაზვოზჟაევისა და კონსტანტინ ლებედევის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG