Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაჰიმი სირიის პრეზიდენტს შეხვდა


გაეროსა და არაბული ლიგის შუამავალი ლახდარ ბრაჰიმი დამასკში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. ბრაჰიმი ცდილობს, რათა მუსლიმანთა წმინდა დღესასწაულის „დიდი მსხვერპლშეწირვის“ დღეებში, რომელიც 26 ოქტომბერს იწყება, დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე დაიყოლიოს. დამასკში 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაჰიმიმ განაცხადა, „პოზიტიური სიგნალები“ როგორც სირიის ოპოზიციისაგან, ისე მოსაზღვრე სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლებისაგან. „თუკი ჩვენ ალ ადჰას დღესასწაულის დღეებში შევძლებთ ცეცხლის შეწყვეტას და შევინარჩუნებთ მას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შევეცადოთ და დავეყრდნოთ მას. თუკი ცეცხლის შეწყვეტა არ მოხერხდება, მაშინ ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას და იმედი გვაქვს, ვიპოვნით გზას, თუ როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება სირიელ ხალხს“, - განაცხადა ლახდარ ბრაჰიმიმ სირიაში. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტას მხარი დაუჭირეს ირანის, ერაყის, თურქეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა. თუმცა, სირიაში ჯერჯერობით კვლავ გრძელდება შეტაკებები. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის ინფორმაციით, სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს შორის შეტაკებებში ბოლო დღეებში 60-მდე სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე და პარტიზანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG