Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი შაშკინმა დაადასტურა ქვეყნის დატოვების ფაქტი


საქართველოს დატოვების ფაქტი დაადასტურა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი შაშკინმა. მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ოფიცრების, ჯარისკაცების, მეგობრებისა და კოლეგებისადმი მიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 1 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს, თუმცა მას და ახალ ხელისუფლებას სრულიად განსხვავებული ფასეულობები აქვთ. ”მე გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში და ჩვენ ყველამ ერთად საქართველო განვითარების ზენიტში ავიყვანეთ”, - ნათქვამია მიმართვაში. დიმიტრი შაშკინი საუბრობს წარმატებებზე, რომლებსაც მისი შეფასებით მიაღწია სასჯელაღსრულების, განათლების და თავდაცვის მინისტრის პოსტებზე მუშაობისას, მადლობას უცხადებს ყველას, ვინც მასთან ერთად ახორციელებდა რეფორმებს და ბოდიშს უხდის ჯარს იმისთვის, რომ დაპირებულის შესრულება ვერ მოასწრო. ”მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება ვემსახურო ჩემ ქვეყანას და ხალხს”, - ნათქვამია შაშკინის მიმართვაში. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე აღნიშნავს, რომ არ გაუკვირდება თუ უახლოეს მომავალში მის შესახებ ”ბევრ გაუგონარ ამბავს”გაიგებენ. ”ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს, თუმცა ვინც არ მიცნობს, მინდა დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს, პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ ვნანობ არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას”, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ შაშკინი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG