Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 22 ოქტომბერი


”გვესმის, რომ ”იმედი” იქნება პროექტი, რომელშიც ფულის ჩადებაა საჭირო. მე ამას განვიხილავ როგორც კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს. ბიზნესისთვის მე ეს ტელევიზია ნამდვილად არ მჭირდება, მის გამოყენებას არც ბიზნესისთვის ვაპირებ და არც პოლიტიკური მიზნები მაქვს”, ამბობს ინა გუდავაძე ”ლიბერალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ლიბერალის” გარეკანზე დღეს თამარ გურჩიანის პორტრეტი და მასზე სტატიის სათაურია გამოტანილი - ”თამარ გურჩიანის უპირატესობა”. გურჩიანი ამბობს: ”ადამიანის უფლებებისადმი ერთგვარი მგრძნობელობა უნდა გაგაჩნდეს, უნდა გწამდეს, რომ რაოდენ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა გქონდეს და როგორ ღირებულებასაც არ უნდა იცავდე, მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები თავის თავს უნდა ამართლებდეს”.

ჟურნალ ”ტაბულაში” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატ პაატა ზაქარეიშვილთან: ”მადლობა ღმერთს, ყოფილი ხელისუფლება გონივრულად იქცევა და ჩვენც შესაბამისად უნდა მოვიქცეთ - ქვეყნის გადარჩენის იდეიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ და მე მზად ვარ ამ საკითხებზე ველაპარაკო ოპოზიციას. ისინი მე არ მელაპარაკებოდნენ. და მზად ვარ მივიღო მათი არგუმენტებიც, ვიკამათოთ და სადაც საჭირო იქნება, დავეთანხმო კიდეც”.

”24 საათი” მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ: ”საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ იმ ფონის შენარჩუნება გადაწყვიტეს, რომელიც ქვეყანაში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. ხელისუფლების უმტკივნეულოდ გადაბარების პროცესის მიმართ ქვეყნის შიგნით და გარეთ გაჩენილი მოლოდინის გამართლების სურვილმა ორივე მხარეს მეტი მოთმინება შესძინა”.

”ახალი თაობა” წერს, რომ ””ნაციონალებს” პარლამენტში უკვე 5 კაცი გაექცათ”: ”შეგახსენებთ, რომ, სერგო ხაბულიანის გარდა, ყველა ძველი დეპუტატია. ბუკია, ლიპარტელიანი და მკოიანი თავის დროზე შევარდნაძეზე ეცემოდნენ, მერე სააკაშვილზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე, ახლა კი ბიძინობენ”.

”არ მიმაჩნია სწორად, როდესაც მოდის ახალი მინისტრი და ყველას ეუბნება - გადამდგარები ხართ! მე ამას არ ვაპირებ. ასევე ვთქვი, არიან თანამშრომლები, რომელთაც დაივიწყეს, რომ ისინი ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და ემსახურებოდნენ ”ნაციონალურ მოძრაობას”. მათ შორის არიან ელჩები და მათ უნდა ეყოთ ნამუსი, თავისი ნებით წავიდნენ პოსტიდან”, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”კვირის ქრონიკა” დღეს აქვეყნებს პატიმართა წამების ფაქტებზე აღძრული საქმის მასალებს, კერძოდ, ორი ბრალდებულის - გაგა მკურნალიძისა და დავით ხუჭუას დაკითხვის ოქმებს, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და პატიმართა ცემის მოტივად ციხეში რეჟიმის დაცვასა და პატიმართა ადვილად დამორჩილებას ასახელებენ.

”რეზონანსი/მთელი კვირა” წერს, რომ ”ყოფილი მოსამართლეები კუბლაშვილს იმპიჩმენტს უმზადებენ”. იგულისხმებიან ის მოსამართლეები, რომლებიც 2006 წელს დისციპლინური სასჯელით გაათავისუფლეს მოსამართლეობიდან. ნინო გვენეტაძე იხსენებს, რომ 25 დეკემბერს ღამის სამ საათზე გამოუცხადეს თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ - ”ჩვენი საქმის ბრალმდებელი ბატონი ნიკა გვარამია იყო, კომისიაში კი ქალბატონი ნინო კალანდაძე იჯდა”. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები კონსტანტინე კუბლაშვილის წინააღმდეგ ჩივილს აპირებენო, წერს ”რეზონანსი”.

”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ახალ ხელისუფლებას აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი გივი თარგამაძე: ”ჩემთვის ეს კაბინეტი იმედისმომცემი შემადგენლობა არაა. პირველ რიგში, არა პერსონების, არამედ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო დაპირებები იმდენად მაღალ ზღვარზე გასცეს, მათი დაკმაყოფილება არარეალურად მეჩვენება”.

”უგულავას ”პონტში”, ანუ გამოძალვა-შანტაჟის სკანდალური სქემა” - ამ სათაურს ”კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე ნახავთ. ბიზნესმენი გია ომიაძე ჰყვება აუქციონის გზით მიწის შესყიდვის პროცესში ვინმე რეზო ნოდიას შესახებ, რომელიც, რესპონდენტის თქმით, გიგი ”უგულავას კორუფციული სქემებისა და გარიგებების ერთ-ერთი მონაწილე იყო”: ”მიწის ფასი 280 ათასი ლარი იყო. აქედან 80 ათასი ბედ მქონდა შეტანილი. მითხრეს, 50000 დოლარი გადაიხადე და ამ საქმეს გიგი უგულავას ცოლის ბიძაშვილი უგულავას ”პონტში” მოუვლისო”.

”ასავალ-დასავალის” დღევანდელ ნომერში დიდი ადგილი ეთმობა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის თემას. რესპონდენტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ზურაბ ჟვანია გაზით არ გაგუდულა და ის მოკლეს. თემურ შაშიაშვილი კვლავ ამის დამამტკიცებელი აუდიოჩანაწერის არსებობაზე მიანიშნებს. ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი და ოდიშის ყოფილი გამგებელი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი ლალი ანთია ამბობს, რომ მომავალ კვირაში დაასახელებს ზურაბ ჟვანიას ოთხი მეგობრისა და კიდევ ერთი პირის ვინაობას, ვინც, მისი აზრით, საქმის გახსნისთვის საჭირო ინფორმაციას ფლობს. ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია კი მიხეილ მაჭავარიანსა და ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაგუნდელებს ეკითხება: ”თქვენც ხომ შესანიშნავად იცით, რომ ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში გაზით არ გაგუდულა?“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG