Accessibility links

მაია ფანჯიკიძე: რუსეთთან რაიმე დათმობა არ მოხდება


სანამ ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საელჩოებია განთავსებული, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ მოხდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დაწყება თავდაპირველად კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განახლებით წარმოუდგენია. "მუდმივად ხდება აპელირება იმაზე, რომ საქართველომ რაღაც დათმოს რუსეთთან. ესა გამორიცხული, მაგრამ თავიდან შესაძლოა მასთან, ურთიერთობა ისეთი მარტივი თემებით დავიწყოთ, როგორიცაა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. გამზადებული რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, არ გვაქვს, მაგრამ გადავდგამთ მოზომილ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება პოლიტიკურ დიალოგამდე მიგვიყვანოს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ და განმარტა რომ ამ პროცესში შუამავლების როლსაც არ გამორიცხავს. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ 2014 წელს ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული ფორმატი და კონტინგენტის რაოდენობა შეიცვალოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას გამოეთიშება, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე მაია ფანჯიკიძემ. მანამდე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გაძლიერებული ქართული ქვედანაყოფი ავღანეთს 2014 წლის ბოლოს დატოვებს.
XS
SM
MD
LG