Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებაში ძალიან საინტერესო გუნდით მოვედი


ხელისუფლებაში ძალიან საინტერესო გუნდით მოვედი და საპარლამენტო უმრავლესობაც საინტერესო წევრებით დაკომპლექტდა - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი მთავრობისთვის პარლამენტში ნდობის გამოცხადების შემდეგ. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იწყება დაპირებების შესრულების პროცესი. ”ძალიან მძიმე ტვირთი გვაწევს, ბევრი დაპირება გავეცით, მაგრამ ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ უფრო მეტს გავაკეთებთ და უფრო სწრაფად იგრძნობს იმას, რასაც ვპირდებოდით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთელი მისი გუნდი მომართულია, რომ საქართველოში მართლაც დაიწყოს ეკონომიკური აღორძინება, ძალიან სწრაფად აღდგება სამართლიანობის განცდა და უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველო უნდა ჩადგეს მოწინავე ევროპული ქვეყნების რიგში. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა განცხადებამ პოლიტიკიდან წელიწად-ნახევარში წასვლის შესახებ საქართველოს მოსახლეობა არ უნდა ააღელვოს, რადგან პასუხისმგებლობას იტოვებს გუნდზე, რომელსაც დატოვებს. ივანიშვილის თქმით, ეს იქნება ძალიან ქმედითი და რეალურად სახალხო მთავრობა. ”წელიწად-ნახევრის შემდეგ არსად არ მივდივარ, გადასვლას ვაპირებ ყველაზე რთულ ადგილას და მინდა აქტიური ცხოვრების ნაწილი მთლიანად მოვახმარო ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რაც ჩემი საბოლოო ოცნებაცაა” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG