Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქმიანობას შეუდგა ახალი მთავრობის წევრთა ნაწილი


დღეიდან საქმიანობას შეუდგა საქართველოს ახალი მთავრობის წევრთა ნაწილი. შს-თა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ ქვეყანაში შეწყდება არაკანონიერი მოსმენები და წერტილი დაესმება ნებისმიერ სხვა უკანონობასაც. ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებიდან გამომდინარე გაუქმდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო იქნება. მინისტრის განმარტებით, გაუქმდება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიც და მის ფუნქციებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი შეითავსებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი დააკომპლექტებს რეფორმების და განვითარების ეროვნულ ბიუროს, რომელიც შსს-ს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას დასახავს. ”მე მოვდივარ მხოლოდ და მხოლოდ პროგრესული იდეებით და ვპირდები ყველას, რომ ყველაფერი იქნება იმაზე უკეთ, ვიდრე იყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ დღეს პატრულია ძალიან პროგრესული და კარგი სამსახური. ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ იქნება ძალიან პრინციპული, სამართლიანი, კორექტული და ჰუმანური და ამ პრინციპებზე დააფუძნებს მთელი სამინისტროს მუშაობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის მზად არის ნებისმიერი თანამშრომლისგან მიღოს შენიშვნა და ობიექტური კრიტიკა. ”პოლიციის მთავარი ფუნქცია - ემსახუროს ხალხს, უნდა აღვადგინოთ; მე ვიქნები პირველი მეგობარი და უფლების დამცველი თითოეული მოქალაქისთვის, პირველი მეგობარი თითოეული პოლიციელის და თანამშრომლისთვის და ვიქნები შეურიგებელი კრიმინალთან და დაუძინებელი მტერი ყველა დამნაშავისთვის", - განაცხადა შს-თა ახალმა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG