Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 30 ოქტომბერი


გაზეთი „იზვესტია“ ყურადღებას უთმობს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. სტატიაში, რომლის სათაურია „სააკაშვილს ვადის შემცირება ემუქრება“, განხილულია საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების 2013 წლის იანვარში შეწყვეტის შესაძლებლობა. საქმე ის არის, რომ უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2008 წლის იანვარში ჩატარდა, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, უახლოესი არჩევნები 2013 წლის იანვრის ნაცვლად, 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. სწორედ ამის წინააღმდეგია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი ნინო ნიშნიანიძე, რომელმაც „იზვესტიას“ განუცხადა, რომ იწყებს კანონით გათვალისწინებული 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

„ვფიქრობ, თუ ხალხი ამგვარი ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, დეპუტატებს მხარდაჭერის გარდა სხვა არჩევანი არ ექნებათ“, მიაჩნია ნინო ნიშნიანიძეს, რომლის თქმითაც, ხელმოწერების შეგროვებას სულ რაღაც ათი დღე დასჭირდება.

ასევე „იზვესტიაში“ წაიკითხავთ სტატიას საქართველოს პარლამენტის ახალი შენობისა და ქუთაისში დეპუტატების გადასვლით შეცვლილი ვითარების შესახებ. რედაქციამ გაარკვია, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს ბინის დასაქირავებლად თვეში 335 დოლარი გამოუყვეს, ნორმალური ბინის ქირა კი საშუალოდ 240 დოლარია.დეპუტატებთან შედარებით, რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, რომელთა ხელფასი 545 დოლარია და რომლებიც თანხის დაზოგვის მიზნით ჯგუფ-ჯგუფად ქირაობენ ბინებს. გაზეთის რედაქცია იმითაც დაინტერესდა, თუ ვინ იხეირა პარლამენტის ქუთაისში გადატანით ყველაზე მეტად. ქუთაისელთა თქმით, იხეირეს ბინების, რესტორნებისა და კაფეების მფლობელებმა და კიდევ მეძავებმა, რომელთა მომსახურება 40-დან 50 დოლარამდე გაზრდილა. ასევე სარგებელი უნახავთ ტელეოპერატორებს, რომლებიც ტელევიზიების მიერ გახსნილ ბიუროებში დასაქმდნენ.

საქართველოზე, უფრო სწორად, საქართველოში გატარებულ რეფორმებზე წერს ჟურნალი „კომერსანტ დენგი“, რომელიც „დიუნგ ბიზნესის“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურების მიზეზის ახსნას ცდილობს. 2011 წლის მონაცემებით, საქართველოს ამ რეიტინგში მერვე ადგილი უკავია, მაშინ როცა 2004 წელს მეორე ასეულში იმყოფებოდა. სტატიაში, რომლის სათაურია „სოცბანაკიდან გაქცეულები“, ვკითხულობთ: „იმისათვის, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით შედგენილი რეიტინგის ათეულში შესულიყო, საქართველომ 35-მდე ინსტიტუციონალური რეფორმა ჩაატარა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა მსგავსი მასშტაბის ცვლილებები, რომელთა წყალობითაც მთლიანი შიდა პროდუქტი 4,5-ჯერ, ევროპიდან ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა 8 მილიონი დოლარიდან 450 მილიონ დოლარამდე, ხოლო ტურიზმისა 60 მილიონიდან 663 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.“

თუმცა სტატიის ავტორი იმასაც შენიშნავს, რომ რეფორმატორთა დრო შეზღუდულია და რომ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მაღალი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში რეფორმირების პროცესი შენელდება, საკითხავი მხოლოდ ის არის - რამდენად.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG