Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 30 ოქტომბერი


”მუხროვანის რევოლუციური პრევენცია” – ”რეზონანსის” ავტორი წერს, რომ ”მუხროვანის ამბოხის” დროს დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები საქმის თავიდან გამოძიებას ითხოვენ. გაზეთს ამ საქმეზე პატიმრობაში მყოფი კობა ოთანაძის ძმა ეუბნება, რომ 2009 წლის მაისის დასაწყისში ხელისუფლებას ამ საქმის აღძვრა ქუჩის მიტინგების დასაშლელად და ჯარის დასამორჩილებლად სჭირდებოდა. ჯიმშერ ოთანაძე ჰყვება, რომ ”ჯარში საპროტესტო განწყობა მართლაც იყო, თუმცა ამბოხების მსგავსი არაფერი იგეგმებოდა”. საქმე ის იყო, რომ 2009 წლის 26 მაისს დაგეგმილ აღლუმში მონაწილეობაზე თავიდან უარი უთქვამს მუხროვანის სატანკო ბატალიონის მეთაურს შოთა გორგიაშვილს. ”ხელისუფლება კი ითხოვდა ომწაგებული ჯარისკაცები გამოვიდნენ და იზეიმონო”. ჯიმშერ ოთანაძე იხსენებს აგრეთვე კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დასაჭერად ჩატარებულ ოპერაციას და ამბობს, რომ მათი ცოცხლად აყვანა დაგეგმილი არც იყო: ”სპეცოპერაციას ესწრებოდნენ ქალაქის მერი გიგი უგულავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე გივი თარგამაძე და დათა ახალაია”, - უთხრა ”რეზონანსს” ჯიმშერ ოთანაძემ და დასძენს, რომ სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების მიერ ”შეგზავნილი” ხალხის ჩვენებებზეა აგებული. კობა ოთანაძის ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უკვე დაწერა განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე და საქმის თავიდან გამოძიება მოითხოვა.

ციხეებში მონიტორინგის საზოგადოებრივი ჯგუფის წევრმა ლალი მოროშკინამ 28 სექტემბერს ციხეში წამების ფაქტზე დაპატიმრებული გაგა მკურნალიძე და დათო ხუჭუა მოინახულა. ”ალია” წერს ამის შესახებ და მოროშკინასთან ინტერვიუსაც აქვეყნებს. ის ჰყვება, რომ ეს პატიმრები გაცილებით უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე სხვა პატიმრები - ”თუნდაც, პოლიტპატიმრები ან სხვა თანამდებობის პირებიო”, აზუსტებს მოროშკინა და ამავე ინტერვიუში ამბობს: ”უსამართლობა ჩაიდინეს და ამის განცდა არ აქვთ, - ჩვენ არ ვართ ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ეს იყო გასაკეთებელი და ამის შემდეგ ნახეთ, რა მოხდება ციხეებში, ახლა ნახავთ, როგორ გაგექცევათ ციხეები ხელიდანო. მე ამ ადამიანებთან ლაპარაკი იმისთვის მინდოდა, რომ ჩემი ეჭვები გადამემოწმებინა და მტკიცებულება მიმეღო. ის ”ნაციონალები”, რომლებიც ჯერ კიდევ მართავენ სიტუაციას, იძლევიან ბრძანებებს, რომ უნდა აირიოს ციხე”.

”მე ვხედავ საბოტაჟის ნიშნებს ქვეყანაშიო”, - ”ახალ თაობას” ეუბნება მამუკა არეშიძე და განაგრძობს: ”მე პირდაპირ ვიცი თბილისის ერთ-ერთი გამგეობის აპარატის უფროსი როგორ უბიძგებს ”სოციალურად დაუცველ” ადამიანებს სხვადასხვა ობიექტში შეჭრისაკენ. ხაზი მინდა გავუსვა, ლტოლვილებს კი არა, სოციალურად დაუცველ ადამიანებს”. არეშიძე ფიქრობს, რომ თუ ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ემზადება, გამოუვიდა ”პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების პარალიზება, რასაკვირველია, მერე მარტივად შეეძლებათ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარონ მიმდინარე პოლიტიკა ”ქართული ოცნებისა” და მოითხოვონ რაღაც დივიდენდები თავისთვის და ასე შემდეგ. მათი ამოცანაა, რომ ასეთი რამ მოხდეს”.

”აუცილებელია ნიურნბერგის მსგავსი პროცესი” - ამ სათაურით ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება მოსაზრება. ავტორი წერს: ”ჩამოუმცირესობებული ნეობოლშევიკების ტაქტიკა სრულიად აშკარაა: ”რაც შეიძლება ადრე, ახალი მთავრობის მიერ ძალაუფლების აღებამდე (და, განსაკუთრებით, სასამართლოებსა და პროკურატურაში ცვლილებების მოხდენამდე) მოახდინონ საზოგადოებაში ნიჰილიზმის და ეჭვის დათესვა იმის თაობაზე, რამდენად მოახერხებს ივანიშვილის მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ კატასტროფულად ჩასვრილი საქმეების გამოსწორებას და სხვადასხვა სფეროებში ხალხისთვის გაუმჯობესების რეალურად მოხდენას”.

”ბაზრის მთლიან სტრუქტურაში აგროდაზღვევის წილი 1 პროცენტსაც ვერ აღწევს” - ამ სათაურით ”24 საათშია” სტატია. ავტორი წერს, რომ აგროდაზღვევის პოპულარიზაციას საქართველოში USAID-ის პროექტი ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა ახდენს”. სამწლიანი პროექტის ფარგლებში ”აგროდაზღვევის დასანერგად 170 ათას აშშ დოლარს დახარჯავს” და სულ 300 ფერმერის დაზღვევა მოხდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG