Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების პრობლემებს სპეციალური ჯგუფები შეისწავლიან


შემოსავლების სამსახურის ნაძალადევის ოფისი
შემოსავლების სამსახურის ნაძალადევის ოფისი
რა ბედი ელით კერძო თუ სახელმწიფო ფართებში უკანონოდ შეჭრილ დევნილებს და როგორ გეგმავენ დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროები 1500-მდე ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას? როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, უკანონოდ დაკავებულ 40-მდე ობიექტში ამ დრომდე მუშაობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ტერიტორიებზე თვითნებურად შეჭრილი ოჯახების მდგომარეობას სწავლობენ. საბოლოო დასკვნა ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც სამინისტროებში სამუშაო პროცესი დაიწყება.

დევნილებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უკანონო შეჭრა სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ფართებში, საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული, თითქმის ჩვეულებრივ ამბად იქცა. აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი და ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები დღემდე თვითნებურად იკავებენ ფართებს თბილისსა და რეგიონებში და ახალი ხელისუფლებისგან მათ დაკანონებას მოითხოვენ. მიზეზი კი, რის გამოც ისინი შენობებში შეჭრასა და ტერიტორიების დაკავებას ამართლებენ, ის გაუსაძლისი პირობებია, რომელშიც მათ ცხოვრება უწევთ:

”ეს, უბრალოდ, თავშესაფარია, რომ ქირა არ გადავიხადო. როგორ უნდა გადავიხადო 300 ლარი ბინის ქირაში, როცა ჩემი შემოსავალი მარტო დევნილის დახმარებაა?”

”ცოცხალი თუ გამიყვანეს აქედან, აი, მაკრატელი მიდევს აქვე, ამით სხვასაც გამოვჭრი ყელს და მერე მეც გამოვიჭრი”.

”მკვდარს თუ გამიტანენ აქედან, თორემ ცოცხალი მე არ გავალ”...
ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება, საერთაშორისო ორგანიზაციებიც და არასამთავრობოებიც, ეს არის კანონდარღვევითი ქმედება და ეს ობიექტები უნდა გამოთავისუფლდეს ...
ეკა გულუა

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მრჩეველი ეკა გულუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, 2 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე 1500-მდე დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახს 40-ზე მეტი ობიექტი აქვს დაკავებული. მისივე თქმით, ამ ეტაპზე შექმნილია ექვსი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ არის დაკომპლექტებული და რომლებიც თითოეულ ობიექტსა და ოჯახს ინდივიდუალურად სწავლობენ. მათ უკვე შეისწავლეს უკანონოდ დაკავებული 40 ობიექტი და ამ დროისათვის აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს. ორ-სამ დღეში ცნობილი გახდება შეგროვებული ინფორმაციის შედეგები, რის შემდეგაც სამინისტრო დევნილებთან სამუშაო პროცესს დაიწყებს.

”გამოიკვეთება რამდენიმე კატეგორია. იმ კატეგორიას, რომელსაც მართლა არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი, ასეთი კატეგორიისთვის მოხდება არსებული რესურსების გათვალისწინებით ფართების შეთავაზება. მაგრამ ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება, საერთაშორისო ორგანიზაციებიც და არასამთავრობოებიც, ეს არის კანონდარღვევითი ქმედება და ეს ობიექტები უნდა გამოთავისუფლდეს და უნდა გამოთავისუფლდეს იმ სპეციალური ოპერატიული პროცედურების შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ”, - აცხადებს ეკა გულუა.

როგორია ის სპეციალური ოპერატიული პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც უკანონოდ შეჭრილი დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები თვითნებურად დაკავებულ ფართებს დატოვებენ? ეკა გულუას მტკიცებით, გამორიცხულია ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების გამოყენება მათი დაკავებული ფართებიდან გამოსაყვანად. ის არ აკონკრეტებს რა მეთოდებით მოხდება ამ ადამიანების გამოსახლება, თუმცა ამბობს, რომ ეს პროცესი საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
ჩვენ ახალი მთავრობა შეგვპირდა, რომ ეტაპობრივად ყველა დევნილი დაკმაყოფილდება. პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ...
ელმირა აფაქიძე

ნონა ქურდოვანიძე, ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის წევრი „საქართველოს იურისტთა ასოციაციიდან“, იმ მექანიზმზე საუბრობს, რომლითაც უკანონოდ დაკავებულ ობიექტებში დევნილთა შესწავლა და გამოკითხვა მიმდინარეობს:

”შემუშავებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც ივსება ადგილზე და რომელსაც ყველა ოჯახი ავსებს. მათი სოციალური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, ხდება იმის გარკვევა, არიან თუ არა ისინი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ბაზაში ან როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ ვისაც ვესაუბრებით, ყველა გვეუბნება, რომ მათ არ აქვთ საცხოვრებელი ფართები და ან ბინის არქონის და ან გაფართოების მიზნით შეიჭრნენ ისინი შენობებში. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შემდეგ უკვე უნდა მოხდეს დევნილთა სამინისტროში”.

დევნილთა კიდევ ერთი ნაწილი, უფრო კონკრეტულად კი, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრები გმობენ დევნილების მხრიდან ფართების უკანონოდ დაკავებას და აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს საბოტაჟის ელფერი დაჰკრავს. ელმირა აფაქიძე, მოძრაობის თავმჯდომარე, დევნილებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დევნილებმა გაუსაძლისი პირობებიდან გამოსავალი ღირსეულად უნდა იპოვონ. ის იმ დაპირებაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, დევნილებმა ახალი ხელისუფლებისგან მიიღეს:

”ჩვენ ახალი მთავრობა შეგვპირდა, რომ ეტაპობრივად ყველა დევნილი დაკმაყოფილდება. პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და ასევე არა აქვთ არანაირი საშუალება, რომ ბინის ქირა იხადონ. შემდგომ ჯერი მიდგება იმ დევნილებზე, რომლებიც კომპაქტური ჩასახლებებიდან გამოასახლეს და არ მოხდა მათი ბინებით უზრუნველყოფა, და ასევე კერძოდ მცხოვრები დევნილები, რომლებიც ვეღარ აუდიან ბინის ქირის გადახდას”.

30 ოქტომბერს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით 15-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიკრიბა. ისინი ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგიენკოს ულტიმატუმს უყენებენ და აცხადებენ, რომ თუკი უახლოეს მომავალში ხელისუფლება მათ საცხოვრებელი ფართებით არ უზრუნველყოფს, ისინი შიმშილობას დაიწყებენ. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ, ეკა გულუას განცხადებით, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები დაკავებული ობიექტების შესწავლის შედეგად შექმნილ საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებენ, დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროები სიტუაციის დასარეგულირებლად კოორდინირებულად იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG