Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სტრუქტურული რეორგანიზების მოლოდინში


ქუთაისი
ქუთაისი
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებები განხორციელდა ჯერ ქუთაისის მერიაში, შემდეგ კი იმერეთის მხარის გუბერნიაში. გუბერნატორთან ერთად შეიცვალნენ ვიცე-გუბერნატორებიც. პრეზიდენტის რწმუნებულად იმერეთის მხარეში ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა, მისი მოადგილეების თანამდებობები კი ზაზა კიკნაველიძემ და გოჩა თევდორაძემ დაიკავეს. დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ვახტანგ ბალავაძე და ქუთაისის ახალი მერი ბესიკ ბრეგაძე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდნენ. ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა შეხვედრაზე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ქუთაისში და მხარის მუნიციპალიტეტებში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა მოხდება სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის სტრუქტურული ფორმირება. ბალავაძის თქმით, აუცილებელია ტერიტორიული ორგანოებისათვის უფლებამოსილების გაზრდა, „საჭიროა მათი ფუნქციონირება უფრო აქტიური გახდეს, იმისათვის რომ მოსახლეობა უფრო აქტიურად იყოს ჩართული საკუთარი ქალაქის მართვაში. მოქალაქეებს არ უნდა სჭირდებოდეთ მერიაში მისვლა ელემენტარული ინფორმაციის მისაღებად,“ – განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ შეხვედრაზე. მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებზე ინფორმაცია დაადასტურა ვახტანგ ბალავაძემ ადგილობრივ გამოცემა „ახალ გაზეთთან“ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა:

„ვფიქრობთ სტრუქტურულ რეფორმებზე როგორც გუბერნიაში, ასევე ქუთაისის მერიაში, თუმცა ამ ცვლილებებს არ მოჰყვება საკადრო ცვლილებები“, - ნათქვამია „ახალი გაზეთის“ პუბლიკაციაში, სადაც პრეზიდენტის რწმუნებული დასძენს: „გუბერნიას რაც შეეხება, მე ველოდები, ახალი მთავრობის პოლიტიკა როგორი იქნება, რადგან ადმინისტრაციაში არის ბევრი სამსახური, რომელიც, შესაძლოა, საერთოდ აღარ იყოს საჭირო.“

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. მერიის აპარატის ხელმძღვანელი თენგიზ თოფურიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ამჟამად მერიაში მოქმედებს 24 სტრუქტურული ქვედანაყოფი, აქედან - 12 სამსახური და ამდენივე მართვის ტერიტორიული ორგანო. თოფურიძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ ის აღნიშნული სტურქტურის ფორმირების ერთ-ერთი მონაწილე იყო და მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში სამსახურები მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

სპეციალისტების განმარტებით, გუბერნიაში სტრუქტურული რეფორმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უნდა განხორციელდეს, ადგილობრივი თვითთმმართველობის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა კი საკრებულოს პრეროგატივაა.

სტრუქტურული რეფორმების გატარება ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიაჩნია ქალაქის მერთან არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საბჭოს წევრს ნუგზარ კოხრეიძეს.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სტრუქტურული რეორგანიზაციის პირობებშიც აუცილებელია სამსახურებში დასაქმებულთათვის სტაბილური სამუშაო გარემოს შენარჩუნება.
XS
SM
MD
LG