Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარ პროკურორს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიების დასაწყებად მიმართეს


ე.წ. კორტების სპეცოპერაციის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს გამოძიების დასაწყებად მიმართეს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. მიზეზად დასახელდა დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებები, რომლებიც შსს-ს ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგებიან. კერძოდ, ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გადარჩენილმა ბუბა ფუთურიძემ აღიარა, რომ სასამართლოში ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა და სინამდვილეში ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონდათ. გაგი მოსიაშვილის თქმით, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილს და ალექსანდრე ხუბულოვს, რომლებიც საყაჩაღოდ მიდიოდნენ, სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავებმა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მათ ავტომანქანიდან პოლიციას სროლა დაუწყეს. ”თუმცა მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტებზე მიუთითებენ თავად პოლიციელები და რამდენიმე მათგანი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს”, - განაცხადა ადვოკატმა. მისივე ცნობით, 23 ოქტომბერს ერთ-ერთმა პოლიციელმა დაცვის მხარის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღით თავად დააზიანეს შსს-ს კუთვნილი ავტომანქანა და ექსპერტის დახმარებით ცდილობდნენ მტკიცებულებების გაყალბებას.
XS
SM
MD
LG