Accessibility links

logo-print

უკრაინის მმართველი პარტია, სავარაუდოდ, მოკავშირეებთან ერთად შექმნის უმრავლესობას


უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტია და მისი მოკავშირეები, როგორც ჩანს, შეძლებენ საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას არჩევნების შედეგად, რომელსაც ხარვეზების გამო მკაცრად აკრიტიკებენ უცხოელი მეთვალყურეები. კვირას ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, „რეგიონების პარტია“ ლიდერობს ხმების 32%-ით. ვარაუდობენ, რომ ის მოკავშირეებთან, მათ შორის კომუნისტურ პარტიასთან ერთად შექმნის უმრავლესობას 450-ადგილიან ვერხოვნა რადაში. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ოპოზიციური ბლოკი „ბატკივშჩინა“ მეორე ადგილზეა ხმების 24%-ით. ეუთოს მეთვალყურეების შეფასებით, არჩევნები იყო უკრაინაში დემოკრატიისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი. კრიტიკულ შეფასებას გამოთქვამს ევროკავშირიც. როგორც ბრიუსელში განაცხადა ევროკომისარ შტეფან ფიულეს პრესმდივანმა, პეტერ სტანომ: „ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სინანულს იმის გამო, რომ სასამართლო პროცესებმა, რომლებიც არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ხელი შეუშალა ოპოზიციის წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიეღოთ საპარლამენტო არჩევნებში. და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განიხილოს ეს საკითხი და გადადგას ნაბიჯები სამართლებრივი სისტემის რეფორმირებისთვის, რათა არ განმეორდეს ასეთი შემთხვევები“, განაცხადა ევროკომისრის წარმომადგენელმა. უკრაინაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დარღვევების გამო გააკრიტიკა შეერთებულმა შტატებმაც.
XS
SM
MD
LG